კობა გვენეტაძემ ფინანსური პირამიდების შესახებ საინფორმაციო ვიდეორგოლი წარადგინა (ვიდეო)

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ  საზოგადოებას ფინანსური პირამიდების შესახებ საგანმანათლებლო ვიდეორგოლი და ბროშურები წარუდგინა. ვიდეორგოლის წარდგენა საზოგადოებაში დანაზოგების არაგონივრულად დაბანდებასთან დაკავშირებული რისკების შესახებ ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობის მიზნით მოხდა.

პრეზენტაციას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციების, კომერციული ბანკების, უმაღლესი სასწავლებლების, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საგანმანათლებლო ვიდეორგოლი და ბროშურა, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა “გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის საერთაშორისო თანამშრომლობისთვის”(SBFIC) მხარდაჭერით განავითარა, საზოგადოებას გააცნობს, თუ რას ნიშნავს ფინანსური პირამიდა, რა რისკები უკავშირდება საკუთარი თანხების არაგონივრულად დაბანდებას, როგორ უნდა ამოვიცნოთ მაღალრისკიანი, პირამიდული სქემები და როგორ ავირიდოთ თავიდან ფინანსური საფრთხეები.

ფინანსური რისკები და მათგან თავის დაცვა, დაზოგვა და ფულის გონივრული მართვა, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის პრიორიტეტული სასწავლო საკითხებია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგანმანათლებლო მასალა საზოგადოებისთვის საინტერესო, მარტივი ტექსტითა და ანიმაციითაა აგებული. მისი მიზანია გააფრთხილოს მომხმარებლები საკუთარი თანხების დაბანდებისას სიფრთხილე გამოიჩინონ და ის ფინანსური და სამართლებრივი რისკები გაითვალისწინონ, რომლებიც მაღალრისკიანი კომპანიებისთვის დანაზოგების მინდობას უკავშირდება.

შეხვედრაზე ეროვნული ბანკის პერზიდენტმა გონივრული დაზოგვის, თაღლითური სქემების, ფინანსური რისკებისა და საზოგადოებაში ფინანსური განათლების ამაღლების საკითხებზე ყურადღება გაამახვილა.

“საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ერთ-ერთ პრიორიტეტულ ამოცანად მოსახლეობის მაქსიმალური ინფორმირება და ამ გზით მომხმარებელთა უფლებების უკეთ დაცვა დაისახა. შესაბამისად, ვგეგმავთ საზოგადოებაში დაზოგვის მნიშვნელობისა და დაზოგვის უსაფრთხო ფორმების შესახებ დისკუსიის ხელშეწყობას. ჩვენ გვსურს მოსახლეობას მივაწოდოთ ის ინფორმაცია, რაც მათ საშუალებას მისცემს სწორად შეაფასონ ფულის ამა თუ იმ ფორმით დაბანდებასთან დაკავშირებული რისკები და შესაძლებლობები, დასვან რაც შეიძლება მეტი შეკითხვა, და კრიტიკულად და პასუხისმგებლობით მიუდგნენ ნებისმიერ ფინანსურ გადაწყვეტილებას. ვფიქრობთ, ამ გზით დავეხმარებით მოსახლეობას გრძელვადიან პერსპექტივაში მიაღწიოს ფინანსურ კეთილდღეობასა და უსაფრთხოებას. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ფინანსური პირამიდების შესახებ შექმნილი. აქვე მინდა განვაცხადო, რომ ეროვნული ბანკისთვის 2018 წელი იქნება ფინანსური განათლების წელი, რაც ნიშნავს იმას, რომ საგანმანათლებლო და საინფორმაციო აქტივობები გაცილებით უფრო მეტი და ინტენსიური იქნება. ამავდროულად, გამოვთქვამ დიდ იმედს, რომ ამ მართლაც ეროვნულ საქმეში მექნება მხარდაჭერა როგორც საფინანსო სექტორის, ასევე საკანონმდებლო და აღმასრულებელი უწყებების და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, მედიის მხრიდანაც”, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები