თბილისში ქართულ-იტალიური ბიზნესფორუმი გაიხსნა

თბილისში იტალიელ ბიზნესმენთა დელეგაცია იმყოფება, რომელსაც იტალიის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე ივან სკალფაროტო ხელმძღვანელობს.
მათი ვიზიტის ფარგლებში სასტუმრო „იოტაში“ ქართულ-იტალიური ბიზნესფორუმი ჩატარდა, რომელიც მისასალმებელი სიტყვით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ და იტალიის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილემ ივან სკალფაროტომ გახსნეს.
გიორგი გახარიას განცხადებით, ამ ფორუმს აქვს დიდი მნიშვნელობა საქართველო იტალიის ურთიერთობების გაღრმავების კუთხით.
,,იტალიური მხარის ძირითად ინტერესს წარმოადგენს სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურული პროექტები, წარმოება. ყველა ის მიმართულება, რაშიც იტალიური ექსპორტი არის ძლიერი. მეორეს მხრივ, ჩვენთვის საინტერესოა კოოპერირება და იმ ცოდნის წამოღება, რომელიც დაგროვილია იტალიურ კომპანიებში, განსაკუთრებით ექსპორტის გაძლიერების მიმართულებით და ვფიქრობ, კონკრეტული შედეგები გვექნება’’- განაცხადა გიორგი გახარიამ.
გიორგი გახარიას თქმით, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმებით, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან და ჩინეთთან აკავშირებს, იქმნება მიმზიდველი პლატფორმა კოლეგებისთვის და ბიზნესმენებისთვის, რომ საქართველო გახდეს კონკრეტული პლატფორმა- ჰაბი როგორც წარმოების, ასევე ვაჭრობის განვითარებისთვის.
ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრა იტალიის ეკონომიკის მინისტრის მოადგილემაც. ივან სკალფაროტოს განცხადებით, ფორუმზე წარმოდგენილ კომპანიებს აქვს დიდი პოტენციალი რომ ითანამშრომლონ ქართულ მხარესთან, საქართველო კი ძალზე საინტერესო ბაზარს წარმოადგენს, ყველა იმ საერთაშორისო ინდიკატორის გათვალისწინებით რომელიც ქვეყანას აქვს.
იტალიის დელეგაციის შემადგენლობაში ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ტელეკომუნიკაციებისა და ტურიზმის დარგებში მომუშავე 30-ზე მეტი უმსხვილესი კომპანიის წარმომადგენელია. მათი კომპანიების საერთო წლიური ბრუნვა დაახლოებით 100 მილიარდ ევროს შეადგენს.
ფორუმის ფარგლებში ჩატარდა სამუშაო შეხვედრები შესაბამისი სამინისტროებისა და სახელმწიფო სააგენტოების წარმომადგენლებთან, ასევე ორმხრივი, გაცნობითი ხასიათის შეხვედრები იტალიურ კომპანიებსა და მათ პოტენციურ ქართველ პარტნიორებს შორის.
ქართულ-იტალიურ ბიზნესფორუმის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს იტალიის საგარეო ვაჭრობის პრეზიდენტმა მიკელე სკანნავინიმ. ფორუმს ასევე ესწრებოდნენ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონული დირექტორი ბრუნო ბალვანერა, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) რეგიონული მენეჯერი ჯან ვან ბილსენი და და აზიის განვითარების ბანკის (ADB) წარმომადგენელი საქართველოში იეშიმ ელჰან-კაიალარი.
შეგახსენებთ, ეს ფორუმი 2017 წლის მარტში ქ. რომში გამართულ იტალიურ-ქართული ბიზნეს-ფორუმის გაგრძელებაა, რომელშიც მონაწილეობა 260-მდე იტალიურმა და ქართულმა კომპანიამ მიიღო. ქართულ დელეგაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობდა. სწორედ მაშინ გადაწყდა, რომ შემდეგი ეტაპი თბილისში იტალიელ მეწარმეთა ვიზიტი ყოფილიყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები