ლონდონში მარიამ ადამაშვილის წიგნის წარდგენა გაიმართება

13 ოქტომბერს, 18:30 საათზე, ლონდონში, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის სამეფო აზიური საზოგადოების დარბაზში გაიმართება ახალგაზრდა მეცნიერის, სოციოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორის, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორის, მარიამ ადამაშვილის წიგნის – „მედიის როლი პოლიტიკური კრიზისების ვითარებაში (საქართველო 2003–2013)“ პრეზენტაცია.
როგორც „კვირას“ ლონდონიდან ჟურნალისტმა გიორგი ლალიაშვილმა აცნობა, წიგნი ახლახან დაიბეჭდა თბილისურ სტამბა „ფავორიტში“ და მას თავად ავტორი პირველად ლონდონში წარადგენს აუდიტორიის წინაშე.
„მარიამი, იმის გარდა, რომ იკვლევს სოციალური მედიის როლს საზოგადოებრივ–პოლიტიკურ ცხოვრებაში და ამ ყოველივეს ამჯერად წიგნის სახით გვთავაზობს, არის ნიჭიერი და ნაყოფიერი ჟურნალისტი და კინორეჟისორი. მისი ფილმის „ცასწავალას“ ჩვენება, რომელიც გოდერძი ჩოხელს ეძღვნება, ამ ზაფხულს, ლონდონში, საქართველოს საელჩოს დარბაზში, გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩის, თამარ ბერუჩაშვილის პატრონატით გაიმართა. აღსანიშნავია, რომ მარიამი ლონდონის კინოაკადემიის „დოკუმენტური კინოს საფუძვლების“ კურსდამთავრებულია.
ოთხი თვის წინათ, მარიამ ადამაშვილმა თავი შესანიშნავი ფილმით დაგვამახსოვრა, ახლა კი იგი თავისი აკადემიური კვლევის შედეგით გვსტუმრობს. სამეფო აზიური საზოგადოება, სადაც მარიამის წიგნის პრეზენტაცია გაიმართება, საერთოდ არის ძალზე ანგარიშგასაწევი ადგილი, მაგრამ ნებისმიერი ქართველისთვის ორმაგად მნიშვნელოვანი, რადგან სწორედ აქ დაიბეჭა 1912 წელს შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“, ასევე „ვისრამიანის“ მარჯორი უორდროპისეული პირველი ინგლისური თარგმანები“, – განუცხადა გიორგი ლალისვილმა „კვირას“.

მისამართი: სამეფო აზიური საზოგადოება, 14 Stephenson Way, Kings Cross, London, NW1 2HD.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები