ბოტიჩელის ,,ვენერა’’ უკვე საქართველოშია – ეროვნული მუზეუმი ორ იტალიურ გამოფენას უმასპინძლებს

ბოტიჩელის ,,ვენერა’’ უკვე საქართველოშია. დასრულდა ნამუშევრის ინსტალაცია ეროვნული გალერეის საგამოფენო სივრცეში. ამ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული მუზუმი ავრცელებს.
როგორც „კვირას“ ეროვნულ მუზეუმში განუცხადეს, 5 ოქტომბრიდან 29 ნოემბრის ჩათვლით, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა ორ იტალიურ გამოფენას უმასპინძლებს, რომლებსაც აერთიანებს სახელწოდება – ,,უნივერსალური ღირებულებები: ბოტიჩელი – სილამაზე, კარავაჯო – სინათლე”.

ბოტიჩელი – სილამაზე

სანდრო ბოტიჩელის ,,ვენერა” 1930 წლიდან ტურინის ,,გალერეა საბაუდას” კოლექციის ნაწილია. ბოტიჩელის მსგავსი ტიპის კიდევ ორი ,,ვენერაა” ჩვენამდე შემორჩენილი, მათგან ერთი ბერლინის სამხატვრო გალერეაში, ხოლო მეორე – ჟენევაში, კერძო კოლექციაში ინახება. საბაუდას გალერეაში დაცულ ტილოზე ბოტიჩელი „ვენერას” მუქ ფონზე გამოსახავს. ეს „ვენერა” რენესანსის ეპოქის ნეოპლატონური ფილოსოფიის თანახმად, სიყვარულის ორი ასპექტის – გრძნობისმიერისა და ღვთაებრივის განსახიერებაა. (პროექტი “Venus pudica” განხორციელებულია ტურინის სამეფო მუზეუმებთან და კულტურულ ასოციაცია ,,მეტამორფოზასთან” თანამშრომლობით).

კარავაჯო – სინათლე

მიქელანჯელო მერიზი და კარავაჯოს შედევრების გამოფენა აერთიანებს კარავაჯოს 40 ნამუშევრის ნატურალური ზომის მაღალი რეზოლუციის ციფრულ რეპროდუქციებს. ექსპოზიცია წარმოადგენს ქრონოლოგიურ, ისტორიულ და თემატურ მოგზაურობას მხატვრის შემოქმედებაში – რომის პერიოდის ტილოებიდან მხატვრის უკანასკნელ ნამუშევრებამდე.

ესაა განსხვავებული ტექნოლოგიებით შემუშავებული (განათება-შუქჩრდილი) საგანმანათლებლო-მულტიმედიური პროექტი, რომელიც კარავაჯოს მთელს შემოქმედებას ერთ სივრცეში წარმოადგენს. გამოფენა 2003 წლიდან მოგზაურობს იტალიასა და მის ფარგლებს გარეთ და უკვე ათ მილიონზე მეტი ვიზიტორი გაეცნო მხატვრის მთელ შემოქმედებას (Rai.Com-ის მიერ ჩაფიქრებული ეს პროექტი “Opera omnia”, იგივე ,,წარმოუდგენელი გამოფენა’’ იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს მხარდაჭერით შეიქმნა).

პროექტი, რომლის კოორდინატორია იტალიის საელჩო საქართველოში, ორი ქვეყნის სხვადასხვა ინსტიტუციას შორის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია. ეს ინსტიტუციებია: იტალიის მხრიდან – საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტრო, ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, უცხოეთში იტალიური კომპანიების ხელშეწყობის სააგენტო (ICE); საქართველოს მხრიდან – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და საქართველოს მთავრობის პროექტი Check-in-Georgia.

მისამართი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზირი 11.

გალერეა მუშაობს ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10:00-დან 20:00 საათამდე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები