დავით ნარმანია: განსხვავებული აზრი უნდა გამოვხატოთ ნორმალურად და არა უშვერი სიტყვებითა და ხმამაღალი შეძახილებით

თბილისის მერი დავით ნარმანია გუშინ თბილისის საკრებულოში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ განსხვავებული აზრი, ნორმალურად, ადამიანურად და სათანადოდ უნდა გამოვხატოთ და არა უშვერი სიტყვებით, ხმამაღალი შეძახილებითა და ასე შემდეგ. როგორც მან აღნიშნა, ეს არ იქნება უკანასკნელი პროექტი, რომელიც დამტკიცდება. „როცა საუბარია მიწისქვეშა პარკინგის პროექტზე, ქალაქს ძალიან სჭირდება ასეთი პარკინგები.
აუცილებელია, რომ ხელი შევუწყოთ მსგავს პროექტებს და ეს არ იქნება უკანასკნელი პროექტი, რომელიც დამტკიცდება. როცა ადამიანებს აქვთ განსხვავებული აზრი, ამ განსხვავებული აზრის გამოხატვასაც აქვს თავისი ფორმა, გამოხატვა უნდა იყოს ცივილური, წესიერი და არავის აქვს უფლება, საკრებულოს საქმიანობას ხელი შეუშალოს“, – განაცხადა ნარმანიამ. შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, თაბორის მთისა და პუშკინის სკვერის მიმდებარედ ტერიტორიის ნაწილს ზონალური სტატუსი შეეცვალა.
საკრებულოს გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ხმაური და დაპირისპირება. „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები სხდომის გადადებას ითხოვდნენ, ისინი ამბობდნენ, რომ არ დაუშვებდნენ, ბიძინა ივანიშვილის სახელთან დაკავშირებული კომპანიებისთვის საკრებულოს მიწის ნაკვეთები გადაეცა და ამ გადაწყვეტილებამდე ზონის სტატუსი შეეცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები