საქსტატი: რვა თვეში ეკონომიკა 4,7 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2017 წლის აგვისტოში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4,3 პროცენტს მიაღწია.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დღეს გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, რვა თვეში კი ეკონომიკის საშუალო რეალურმა ზრდამ 4,7 პროცენტი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ეკონომიკის ზრდასთან დაკავშირებით მთავრობის ოფიციალური პროგნოზი 4 პროცენტია, თუმცა ეროვნული ბანკი 4,5 პროცენტიან ზრდას ვარაუდობს.
2012 წლის იანვრიდან საქსტატი ყოველთვიურად აწარმოებს ეკონომიკის ზრდის ტემპის ყოველთვიურ წინასწარ შეფასებებს, რომელიც იანგარიშება უწყებრივი სტატისტიკის (დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების, ფისკალური და მონეტარული მონაცემების) საფუძველზე. „აღნიშნული შეფასებები წარმოადგენს საერთაშორისოდ მიღებულ პრაქტიკას, რომელსაც იყენებენ მოკლევადიანი წინასწარი ოპერატიული მონაცემების მისაღებად. იმ სფეროებში, სადაც ყოველთვიური მონაცემები (მაგალითად, სოფლის მეურნეობა, დაუკვირვებადი ეკონომიკის მოცულობა) არ მოიპოვება, შეფასება გაკეთებულია წინა პერიოდის მონაცემებზე დაყრდნობით. გარდა ამისა, ყოველთვიურად შესაძლებელია მოხდეს წინა თვეების დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების კორექტირება, რაც შესაბამისად, რეალური ზრდის ყოველთვიური წინასწარი შეფასების მონაცემის კორექტირებასაც იწვევს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები