„არავის არ სჭირდება მერაბიშვილის გატაცება, ის ძალიან კარგად ზის და კარგად იჯდება“

  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას, ვანო მერაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, N9 დაწესებულებაში სასჯელაღსრულების სამინისტროს მიერ ჩატარებულ შიდა მოკვლევაზეც ისაუბრა. ღარიბაშვილის თქმით, მერაბიშვილის მხრიდან ეს იყო მარტივი პროვოკაცია.
რაც შეეხება გენინსპექციის მიერ ჩატარებულ შიდა სამსახურებრივ მოკვლევას, პრემიერის თქმით, მას არანაირი კითხვები არ დარჩენია. „რაც შეეხება გენინსპექციის დასკვნას, მე არ ვიცი, ამაში რატომ არსებობს კითხვები და რატომ არ არის ეს დასკვნა კომპეტენტური? თუ ვინმეს აქვს რაიმე კითხვა დარჩენილი, შეუძლიათ გაესაუბრონ სუბარის უწყების წარმომადგენლებს და ისინი დეტალურად გააკეთებენ განმარტებას. მე პირადად არ მაქვს არანაირი კითხვა დარჩენილი ამ ფაქტთან დაკავშირებით.
მე, რა თქმა უნდა, ვენდობი სოზარ სუბარის შეფასებას და ამ დასკვნას. ვფიქრობ, საზოგადოების უმრავლესობას არანაირი კითხვა არ აქვს “, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ვანო მერაბიშვილის მოტივი, როდესაც ის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მისი გატაცების შესახებ საუბრობდა, იყო ის, რომ დაეშანტაჟებინა საკუთარი გუნდის წევრები და მიხეილ სააკაშვილი.
„ეს იყო ჩვეულებრივი მარტივი პროვოკაცია, სხვათა შორის, საინტერესოდ დაემთხვა კეზერაშვილის ფინანსების გამომზეურებას და თუნდაც ის ფაქტი, რომ ეს იყო არა მხოლოდ კეზერაშვილის ფინანსები, არამედ შეიძლება დაკავშირებული იყოს სხვა მაღალი თანამდებობის პირებთან. შესაძლოა, მერაბიშვილი აშანტაჟებდა კიდეც, ან ჰქონდა მცდელობა იმისა, რომ საკუთარი გუნდის წევრები და მათ შორის ყოფილი პრეზიდენტი – სააკაშვილი დაეშანტაჟებინა. ეს ერთი, და მეორე – ეს იყო ჩვეულებრივი პროვოკაცია და აგორებული, კარგად ორგანიზებული დაგეგმილი კამპანია ოთარ ფარცხალაძის წინააღმდეგ.
არავის არ სჭირდება მისი გატაცება, ის ძალიან კარგად ზის და კარგად იჯდება, და თუ ვინმეს რამე შეკითხვა აქვს, კანონიერი გზით მივლენ და ამ კითხვებს დაუსვამენ პროცედურების დაცვით“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები