„მიყვარს მიწა, ზეცა  და ამ უსასრულო სივრცის გვირგვინი – ადამიანი“…

ტყიბულში დაიბადა, თუმცა მშობლები ონიდან იყვნენ. ბავშვობამაც ტყიბული-რაჭის ფონზე გაიარა… ლექსების წერა ბავშვობიდან დაიწყო,  სკოლაში კი ჰუმანიტარული საგნები იზიდავდა.  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სწავლის პერიოდი,  პროფესიად ეთნოლოგობა აირჩია, რაც ქართველი ხალხის ყოფის უფრო საფუძვლიანად ესწავლის სურვილმა განაპირობა.
მისი ლექსების ტკივილი და სიხარული ულამაზეს რაჭას უკავშირდება. ამბობს, რომ  რაჭა მისთვის ყველაფერიამშობლიური კუთხეც, საქართველოს პატარა სახეც
6 კრებულის ავტორი და თითქმის, ყველა ლიტერატურული კონკურსის მონაწილეა… „წმინდა ნინოს ჯვრის“, „ წმინდა ნინოს ჯვრის მედალიონის“, „ოთაობა – 2016“ – ის პირველ პრემიის მფლობელია.  წმინდა ილია მართლის, გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა – პოეზიის პრემიაც მიიღო.
ლექსების ახალი კრებულის გამოცემას აპირებს. – პოეტ ბადრი სულაძის პერსონა.

– დავიბადე იმერეთის ერთ – ერთ პატარა ქალაქში – ტყიბულში, რაჭასთან ახლოს. სკოლა ტყიბულში დავამთავრე, თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ  რაჭაში გავიზარდე, რადგან ჩემი მშობლები რაჭიდან, კერძოდ, ონის რაიონიდან იყვნენ წარმოშობით და,  შესაბამისად, ჩემმა ბავშვობამ ტყიბულისა და რაჭის ფონზე გაიარა.
როდესაც რაჭისკენ მგზავრობისას, ტყიბულს გავივლი, სულის ფორიაქი მეწყება, თვალწინ ცოცხლდება წარსულის  სურათები – ჩემი სახლი, ეზო, მეზობლები… მორიდებული ბავშვი ვიყავი, მეტ დროს სახლში ვატარებდი, ვიდრე ეზოში, მაგრამ მეზობლების დიდი სითბო და სიყვარული   დღემდე მომყვება. ჩემი ურთიერთობა გარემოსთან, ქუჩასთან, ძირითადად, სკოლაში სიარულით შემოიფარგლებოდა… არდადეგების მოსვლა  ძალიან მიხაროდა, მთელ ზაფხულს რაჭაში – ფარახეთში ვატარებდი, თუმცა დედულობაზე – ჟაშქვაშიც მივყავდი დედაჩემს.  სხვანაირად მასულდგმულებდა  სოფელი, მაცოცხლებდა და რაღაც სხვა ენერგიას მაძლევდა…

ბადრი სულაძე და თორნიკე ნაროზაული

ჩვენ საქონელი არ გვყავდა და მეზობლების ნახირს მოვდენიდი საძოვრიდან, თუმცა ჩემი მორიდებულობა და სიმორცხვე ყოველთვის თან მდევდა.  ბევრს არ ვლაპარაკობდი, უფრო მოსმენა მიყვარდა, ჩამოვჯდებოდი მოხუცებთან, როგორც ერთ – ერთ ლექსში ვამბობ – „ჩემს გემრიელ მოხუცებთან“ და მათ საუბარს ყურს ვუგდებდი. სხვა შემთხვევაში, შემეძლო საათობით ვმჯდარიყავი კაკლის ფესვებზე და მეყურებინა შორს, სივრცეში, სადღაც უსასრულობისკენ… და ეს ყოველივე აისახა კიდეც ჩემს შემოქმედებაზე…
დედა – მერი ჩაგელიშვილი, როგორც ერთ-ერთ ნოველაში ვამბობ, პროფესიით დიასახლისი იყო, მამა  – ვანო სულაძე კი –  საქართველოს დამსახურებული მშენებელი.  ვამაყობ მათი შვილობით…
 სკოლის პერიოდიდან რას გაიხსენებთ?
– ტყიბულის მე-2 საშუალო სკოლა დვაამთავრე. თავისუფალი თემების წერა მიყვარდა. მახსოვს, მე – 9 კლასში ვსწავლობდი, რაიონულ გაზეთ – „ტყიბულში“ ჩემი პატარა ჩანახატი დაიბეჭდა, უბედნიერესი ვიყავი.  კითხვა მიყვარდა… რაც თავი მახსოვს, სულ ვიჯექი, ვფიქრობდი და ვწერდი…. ცუდად ნამდვილად არ ვსწავლობდი, თუმცა ჰუმანიტარული საგნები უფრო მეტად მაინტერესებდა, განსაკუთრებით მიყვარდა ქართული ენა და ლიტერატურა, ისტორია, რამაც განსაზღვრა კიდეც ჩემი მომავალი პროფესიის არჩევა… სკოლის შენობას ახლაც ვერ გავუვლი  გულგრილად, შესანიშნავი პედაგოგები მყავდნენ, ასევე მეგობრები, თუმცა ტყიბულიდან წამოსვლის შემდეგ, სამწუხაროდ, მათ აღარ შევხვედრივარ….
პროფესიით ისტორიკოსეთნოლოგი ხართ…

თემურ ჩალაბაშვილთან ერთად

– ისტორიისადმი ინტერესი თავიდანვე მქონდა, მოგვიანებით კი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი დავამთავრე. უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში,  პროფესიად ეთნოლოგობა ავირჩიე, რაც ქართველი ხალხის ყოფის უფრო საფუძვლიანად შესწავლის სურვილმა განაპირობა, სადისერტაციო თემაც მთის, კერძოდ – რაჭის მოსახლეობის მიგრაციის ისტორიულ – ეთნოლოგიურ ასპექტებს შეეხებოდა….
უნივერსიტეტის დამთავრებიდან დღემდე საქართველოს ეროვნული მუზეუმის, გ. ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმის თანამშრომელი ვარ. ამჟამად საისტორიო კოლექციების კურატორის პოზიცია მიკავია, წლების მანძილზე  აქტიურ პედაგოგიურ საქმიანობასაც ვეწეოდი…
  გაიხსენეთ პირველი ლექსები
– ბავშვობიდან ვწერ… ყველა ფოტოსა და ილუსტრაციას, ქვეშ პატარა ტექსტებს ვაწერდი, რასაც ლექსი არა, მაგრამ მსგავსი სიტყვების ერთმანეთთან გარითმვის მცდელობა ნამდვილად ერქვა… მახსოვს, ერთხელ სარვამარტოდ დედას მივუძღვენი ლექსი… მაგრამ, ლექსის წერის სურვილი განსაკუთრებულად სამხედრო სამსახურში ყოფნის დროს გამიმძაფრდა, როგორც ჩანს, იქ უცხოობაში, მშობლების, მეგობრების, ჩემი სოფლისა და ქალაქის ნოსტალგია მომეძალა… მას შემდეგ სულ ვწერდი – ლექსებს, ჩანახატებს, მოთხრობებს, ვწერდი ყველაფერზე, რასაც ვგრძნობდი, რასაც განვიცდიდი…
ყოფილა შემთხვევა, როდესაც დღეში ოთხი, ხუთი ლექსი დამიწერია, მაგრამ საკუთარი შემოქმედების მიმართ ყოველთვის კრიტიკული ვიყავი, რაც ლექსის ფორმის სრულყოფაში დამეხმარა… ჩემი ლექსები და მოთხრობები პერიოდულად იბეჭდებოდა ქართულ პრესაში. ეს უდავოდ სასიამოვნო ოყო, მაგრამ როდესაც ისინი ჟურნალების – „განთიადისა” და „ცისკრის” ფურცლებზე გამოჩნდა, მივხვდი, რომ რაღაც ღირებულს ვქმნიდი, თუმცა დღემდე შემოქმედებითი ძიების პროცესში ვარ…

საშა გველესიანთან და ეკა ბაქრაძესთან ერთად

გეფერები, რაჭის მთების პატარძალო, – მრავალძალო“… მრავალი ლექსი რაჭას მიუძღვენით, სადაცმარტოობისგან დანისლულები, თითქოს, ატმებიც დგანან თოფებით“… როგორ უნდა აღორძინდეს დაცარიელებული რაჭა?

– რაჭა ჩემთვის ყველაფერია – მშობლიური კუთხეც, საქართველოს პატარა სახეც… ის ჩემი ტკივილი და სიხარულია. ცხადია, ნავთსაყუდელიც, რადგან რაჭა გამორჩეულია არა მხოლოდ ლამაზი ბუნებით, არამედ იმ ხალხით, რომელიც იქ ცხოვრობს და იმ ადამიანებით, რომლებიც, სამწუხაროდ, ახლა უკვე მხოლოდ ხსოვნაში ცოცხლობენ… რაჭას ლექსებით ვეფერები, ვეფერები მის თითოეულ სოფელს, შარაგზას, წყაროს, სათიბებს, ხარ-ურემს, ბუხრიდან ამოსულ კვამლს, რძეში ჩაკიდებულ მაჭიკს, მაყვლის ბუჩქებს, გლეხკაცის გარჯას, ქალის მანდილს, კერის სიწმინდეს, წინაპრების ხსოვნას, ყველას და ყველაფერს, რაც ასე ახლოსაა ჩემს გულთან…
რაჭა ჩემთვის გასულიერებულია თავისი მიწატკეპნილი, პალატიანი სახლებით, გაჭვარტლული ჭრაქებითა და თახჩებით, ზაფრანით, ნივრითა და კვამლით შეზავებული სიძველის სურნელით, რასაც თალხსამოსიანი, მაგრამ მაინც მზესავით ნათელი ბებიების სითბო აგვირგვინებდა. მთელი სოფლის ბებიები და ბაბუები მიყვარდა, ნაჯაფრები, მაგრამ მაინც სხივიანები და ენატკბილები…

ვასილ ბესელიასთან და კახა შალამბერიძესთან ერთად

ამ ემოციას ვუზიარებ ჩემს მკითხველს, ვუზიარებ და ვფიქრობ იმ მარადიულ თემაზე, რასაც მშობლიური ფესვების სიყვარული ჰქვია…  რაჭის ყოველი მიტოვებული ეზო-ყურე მტკივა…
მე შევძელი, ჩემი პოეზიით, კიდევ ერთხელ ჩამეფიქრებინა რაჭველები მათი მშობლიური კუთხის ბედ-იღბალზე, დღევანდელობასა და მომავალზე. ყველამ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს რაჭის აღორძინებისა და განვითარების საქმეში, გლეხკაცმაც, ადგილობრივი, თუ ცენტრალური ხელისუფლების თითოეულმა წარმომადგენელმა, ვისაც როგორ შეუძლია – სიტყვით, თუ საქმით….
6 კრებულის ავტორი ხართ. თუ წინა კრებულებში ნოსტალგიურ, პატრიოტულ, სევდიან თემებს უფრო მეტი ყურადღება ეთმობოდა, ბოლო კრებულშიბედის ტიხარი“, აქცენტი გადატანილია ყოფისა და დროის ფილოსოფიურ საკითხებზერას განიცდის ბადრი სულაძე კრებულიდან კრებულამდე?

– კრებული „ბედის ტიხარი“ მაშინ გამოიცა, როდესაც ორმოცდაათს გადავაბიჯე… ცხოვრება განვითარების რამდენიმე საფეხურს მოიცავს და მათ შორის ნახევარ საუკუნის მიჯნის გადალახვა, თვისობრივად ყველაზე დიდ ცვლილებებს იწვევს ადამიანის ცნობიერებაში… პერიოდიდან, რომლის დროსაც არასოდეს ფიქრობ გარდაუვალ ბოლო დროზე, უეცრად გადადიხარ ფაზაში, რომელიც იძულებით გახედებს მომავალში. გადაგაფასებინებს წარსულს და გაგაცნობიერებინებს საკუთარ არსს ამ სამყაროში.
კრებულიდან კრებულამდე, ლექსთწყობისა და გამომსახველობითი ფორმების სრულყოფასთან ერთად, მეტი სიღრმე და ქვედინება ემატება სათქმელს, ასევე მატულობს პასუხისმგებლობის განცდა საკუთარი მკითხველის წინაშე, რომელიც წლებთან ერთად აუცილებლად უნდა გრძნობდეს ავტორის შემოქმედებით ზრდას…
შესაძლოა, ემოციური თვალსაზრისით ადრეულმა ლექსმა აჯობს გვიანდელს, მაგრამ სტილისტური, ესთეტიკური, თუ გამომსახველობითი ფორმების მრავალფეროვნება აუცილებლად უნდა იგრძნობოდეს… კრებულიდან კრებულამდე ვისწრაფი ჩემი პოეზიის სრულყოფისკენ, რის დასტურადაც, დარწმუნებული ვარ,  გამოდგება ის კრებულიც, რომელის გამოცემასაც ახლო მომავალში ვაპირებ.
თქვენი რამდენიმე ლექსი ამღერდაეკა თევზაძის და ზურა დოიჯაშვილის შესრულებით. მათ შორისლექსიიავნანა“. როგორ დაიწერა ეს ლექსი?
– უნიჭიერეს კომპოზიტორთან – ეკა თევზაძესთან ოცწლიანი შემოქმედებითი ურთიერთობა მაკავშირებს – „მოგისაკლისე“, „ჩემო ნამო დილისა“, „ღელავს ზღვა“, „ალილუია“, „თითქოს წვიმამ გადაიღო“…  ეს იმ სიმღერების ჩამონათვალია, რამაც უდიდესი სიხარული მომანიჭა მეც და ჩემი შემოქმედების დამფასებლებსაც. ლექსი „იავნანა“ დიდი ხნის წინ დაიწერა, როდესაც ჩემი შვილები პატარები იყვნენ. მოგვიანებით, ეს ლექსი შესანიშნავად ააჟღერა კომპოზიტორმა მერაბ მერაბიშვილმა.
 სხვადასხვა კონკურსში გაიმარჯვეთ. გადმოგეცათ მთავარი პრიზიწმინდა ნინოს ჯვარი“, ასევე რუსთაველის დღეების გამარჯვებული ხართრომელ ჯილდოს გამოყოფდით და რატომ?
– თითქმის, ყველა ლიტერატურული კონკურსის მონაწილე ვარ… მიღებული ჯილდოებიდან გამოვყოფდი –  „წმინდა ნინოს ჯვარს“, „წმინდა ნინოს ჯვრის მედალიონს“, „შოთაობა – 2016“ – ის პირველ პრემიას, წმინდა ილია მართლის, გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა – პოეზიის პრემიას, თუმცა ყველაზე დიდი ჯილდო ჩემთვის, ერთგული მკითხველის სიყვარულია….
– პორტალ „კვირის“ მკითხველებისთვის – თქვენი ერთი ლექსი გვითხარით…

***

არ შეარჩინეს მინდორს ყვავებმა
ნამი, ტკივილზეც წამლად მოყრილი  
და თითქოს, წამის დახამხამებაც
ცას შეალეწეს თვალის ბროლივით…
ვერ შევჩერდები მდინარის პირას,
მე რომ დღე-ღამის მიჯნად დავსახე,
თვალს რომ ადევნებს ათასგვარ წვრილმანს
და მაინც მარგებს სულის გასაღებს…
ყვავებს პირიდან უნდა წავართვა,
ზეცის სულ მცირე ლურჯი ნაჭერიც…
შევძლებ და მაინც მოვთხოვ სამართალს
ნისკარტს, ნამეხარ გულზე დაჭერილს…
მაგრამ ვარსკვლავებს თუ შემომისევს,
დავარღვევ მთვარის მონაქსოვ კაშნეს…
და ნამცეც-ნამცეც ავკრიფავ მყისვე
დილას, რომელიც ბროლივით დაფშვნეს…

როგორ მოდის შთაგონება?
– ლექსი ფიქრის შედეგად იბადება, ფიქრი კი ყველაფერს უტრიალებს… ჩემში ძალიან მძაფრად აღიბეჭდა ბავშვობის წლები, რაც ჩემს მოგონებებს კვებავს და ასაზრდოებს… ხშირად ვიხსენებ იმ ადამიანებს, რომლებმაც დიდი მონატრება დამიტოვეს… ყველა ადამიანური

მანანა დუმბაძე, ედუარდ უგულავა, ბადრი სულაძე

განცდა ახლობელია ჩემთვის… მიყვარს მიწა, ზეცა  და ამ უსასრულო სივრცის გვირგვინი – ადამიანი…
რისი ბრალია, რომ დღეს ნამდვილი პოეზია, ზოგადად, მწერლობა არ არის სათანადოდ პოპულარული და ყველაფერს, თუნდაც ფეისბუქზე გამოქვეყნებულ მდარე ლექსებსაც პოეზიად ნათლავენ
– აქტუალური შეკითხვაა… მრავალი ადამიანი წერს, ყველას თავისი სათქმელი აქვს, რაც თავისთავად ცუდი არ არის, მაგრამ ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ ნამდვილი პოეზია და უბრალოდ ამბის მოყოლა, თუნდაც ემოციურად…
ლექსი მხოლოდ ემოციის გამოხატვის საშუალება არ არის, ლექსის შინაარსობრივი მხარე უპირველესია, მაგრამ ასევე უმნიშვნელოვანესია ლექსთწყობის საკითხი, თავისი რითმული და რიტმული ნორმების გათვალისწინებით, დინამიკურობითა და მელოდიურობით… კარგმა ლექსმა სათქმელთან ერთად უნდა გაგაოცოს მხატვრული ღირებულებით, ის უნდა აკმაყოფილებდეს ლიტერატურულ ნორმებს…
თუ ლექსში უგულებელყოფილია პოეტური ხერხების გამოყენება, თუ ნაწარმოები განიცდის მეტაფორული აზროვნების სიმწირეს, ასეთი ლექსი, რბილად რომ ვთქვათ – კარგი არ არის… ხშირად უნდა იყოს ამ საკითხზე მსჯელობა – კრიტიკულად, გულღიად, მიუკერძოებლად, გულშემატკივრულად… თუმცა ყველას შექება უფრო მოწონს და იღებენ კიდეც უშურველად მეგობრებისგან, იმსახურებს თუ არა ამ შექებას ესა თუ ის ლექსი… ამგვარი მაამებლობა მე პირადად არ მომწონს…
საკითხისადმი ასეთი მიდგომა აზიანებს ლიტერატურულ პროცესს… ერთიც უნდა ვთქვა – ყველა ავტორს პასუხისმგებლობის განცდა უნდა ჰქონდეს მკითხველის წინაშე.  ასევე პასუხისმგებლობით და ყურადღებით უნდა მოეკიდოს სხვის ნააზრევს… არ უნდა გაუჩნდეს სხვისი აზრის საკუთრად წარმოჩენის სურვილი…

ბაღათერ არაბული, ავთანდილ ივანიძე, ბადრი სულაძე

ლექსის წერა ხომ ვალდებულება არ არის, ეს ადამიანის იმგვარი სულიერი მდგომარეობაა, როდესაც შინაგანი სამყარო არ გაძლევს მშვიდად ყოფნის საშუალებას და გიბიძგებს დაგუბებული ემოციის გადმოსაცემად. ეს ემოცია სხვისი გავლენისგან თავისუფლად, შეუზღუდავად, შენეული სამყაროდან, საკუთარ გულსა და გონებაში გამოტარებული უნდა იღვრებოდეს და ესაა ლექსის წერისგან მიღებული მთელი ბედნიერება… ესაა ნამდვილი შემოქმედებითი პროცესი….
ლამაზ სახეებს ქმნითმაშინ, როცა ქართული ენა თითქმის საკანცელარიო ენად იქცამწერალი იშვიათად ცდილობს, ენა გაამდიდროსთქვენ ეს გამოგდითამაზე საგანგებოდ ფიქრობთ ხოლმე თუ ლექსის  წერის დროს თავისთავად მოდის ასეთი კომპოზიტები?
– ქართული ენა ძალიან მდიდარია და მისი კიდევ მეტად გამდიდრება ზოგადად შეუქცევადი პროცესია. პირადად მე, შინაარსთან ერთად, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ლექსის ჰაეროვნებას, სიმსუბუქეს, ფერადოვნებასა და მელოდიურობას. გრძნობებისა და განცდების სიღრმისეულად, სრულყოფილად გადმოსაცემად მიმაჩნია, რომ საჭიროა უკვე ნაცნობი სიტყვების მცირე სახეცვლილებით შეკავშირება და ჩამოქნა. შეიძლებოდა დამეწერა – გიშრისფერ ღამეში, მაგრამ მე ვფიქრობ – ღამეგიშერობა უფრო ლამაზია და, რაც მთავარია, ეს სახე საკუთრივ მე შევქმენი.
მიმაჩნია, რომ პოეტი უნდა ისწრაფოდეს საკუთარი, ყველასგან განსხვავებული ხელწერის ჩამოყალიბებისკენ… ახალი სიტყვების შექმნა სწორედ ერთ-ერთი საშუალებაა ამ მიზნის მისაღწევად. ვფიქრობ, ამიტომ დაიბადა სიტყვები – სხივმთვარესი (რომელიც მეორე სიტყვასთან – სიმთვრალეში გარითმვის აუცილებლობამ წარმოშვა), ფოთოლმზეობდეს, ამონატვრისფრდა, ფერნაქცევი, ნამცვრევი, თაფლამტევნები, ანარგიზება, ზღაპარხილვა, ვარდგიშერა, თვალმნათი და სხვ.
რას უსურვებდით ახალგაზრდა მწერლებს?
– მრავალი ნიჭიერი ახალგაზრდა პოეტი და მწერალი მოღვაწეობს  ქართულ ლიტერატურულ სივრცეში… მათ სიხარულს, ბედნიერებას, წარმატებებს და უფლის შეწევნას ვუსურვებ… რაც შეეხება შემოქმედებით პროცესს, – წერონ თამამად, თავისუფლად, არ შეიზღუდონ გამომსახველობითი ფორმის ამა თუ იმ სტანდარტით, მოსინჯონ საკუთარი ძალები, როგორც თავისუფალი, ასევე ტრადიციული ლექსის წერის თვალსაზრისით, იყვნენ მუდმივი ძიების პროცესში, ჰქონდეთ მისწრაფება სრულყოფისა და განვითარებისკენ, არ დაკარგონ ქართული სიტყვის მადლი… და რაც მთავარია, არ მიეცენ მიღწეულით თვითკმაყოფილების განცდას…
 ოჯახი… 
– მყავს მეუღლე – მარინა ნიკოლეიშვილი, შვილები – თამთა, ბექა და შვილიშვილი – სესილიკო….
 ჰობი
– ლექსის წერისა  და საინტერესო ლიტერატურის წაკითხვის გარდა, შემოქმედებითი თვალსაზრისით, სხვა გატაცება არასდროს მქონია…დიდი სიმოვნებით ვუსმენ კარგ მუსიკას…
რას გეგმავთ სამომავლოდ?
– გამოსაცემად მზად მაქვს ლექსების ახალი კრებული, რომელიც წინა კრებულებისგან განსხვავებული იქნება… ასევე, ვაგრძელებ აქტიურ ჩართულობას საქართველოში მიმდინარე ლიტერატურულ პროცესებში…
ღმერთმა დაგლოცოთ, ქალბატონო თამარ, წარმატებებს გისურვებთ! უღრმესი მადლობა.

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები