თავდაცვის მინისტრი კანადაში „ძლიერთა თამაშებში“ მონაწილე ქართველ სამხედროებს შეხვდა (ფოტოკოლაჟი)

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილი და დაშავებული სამხედროებით დაკომპლექტებული 15-კაციანი გუნდი კანადაში გამართულ „ძლიერთა თამაშებში“ (Invictus Games) მონაწილეობს. ქართველი ჯარისკაცების მხარდაჭერის მიზნით ტორონტოში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია გენერალური შტაბის უფროსთან, გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან ერთად იმყოფება.  ლევან იზორია დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად ქართველი სამხედროების საგულშემატკივროდ „Air Canada Centre“-ში „ძლიერთა თამაშების“ გახსნის ოფიციალურ ცერემონიალს დაესწრო.

სხვადასხვა საბრძოლო მოქმედებების დროს და სამშვიდობო მისიებში დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტებული თავდაცვის სამინისტროს გუნდი „ძლიერთა თამაშებში” (Invictus Games) სპორტის 6 სახეობაში ასპარეზობს: ველორბოლა, ცურვა, წოლჭიმი, მშვილდით სროლა, ავტორბოლა, მჯდომარე ფრენბურთი. ქართველი სამხედრო მოსამსახურეები გაერთიანებული სამეფოს პრინცის, მისი აღმატებულება პრინც ჰარის პატრონაჟით გამართულ „ძლიერთა თამაშებში” მესამედ მონაწილეობენ. პირველად ქართველმა სამხედროებმა ლონდონში გამართულ Invictus Games-ში იასპარეზეს, შემდეგ კი, აშშ-ში, ქალაქ ორლანდოში.
თამაშებში მონაწილე ქართველი სამხედროებისა და ტორონტოში თავდაცვის მინისტრის ვიზიტის აღსანიშნავად, სასტუმრო „შერატონში“ საქართველოს ელჩის სახელით ოფიციალური მიღება გაიმართება. ღონისძიებაზე თავდაცვის მინისტრი Invictus Games-ის მონაწილე დაჭრილ ქართველ სამხედროებს გაესაუბრა და საერთაშორისო ასპარეზობაში წარმატებები უსურვა.
მიღებას თავდაცვის სამინისტროს  დელეგაციის წევრებისა და Invictus Game-ში მონაწილე ქართველ ჯარისკაცებთან ერთად სამხედროების ოჯახის წევრები, უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე კანადური კვლევითი ცენტრების წარმომადგენლები და კანადაში მცხოვრები ქართველები დაესწრნენ. მიღების ფარგლებში საელჩოს მიერ მომზადებული ფოტო-გამოფენაც მოეწყო, რომელიც საერთაშორისო მისიებში ქართველი სამხედროების მონაწილეობას მიეძღვნა.



კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები