დიმიტრი ქუმსიშვილმა ევროკავშირს პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

სასტუმრო “ბილტმორში” საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის პროგრესის ამსახველი პუბლიკაციის პრეზენტაცია გაიმართა, რომელზეც მოხსენებით წარსდგა პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი.
კონფერენციაზე „საჯარო ფინანსების მართვის რეფორმა საქართველოში“ გამოსვლისას პირველმა ვიცე-პრემიერმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირის ელჩს საქართველოში, ბატონ იანოშ ჰერმანს საქართველოსთვის პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერისა და გაწეული დახმარებისთვის. მან იმედი გამოთქვა, რომ სამომავლოდ თანამშრომლობა ევროკავშირთან კიდევ უფრო მჭიდრო და ნაყოფიერი გახდება.
დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ბოლო ათწლეულში საქართველოში ძირეული ინსტიტუციური და სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდა.
მისი თქმით, ქვეყანამ დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის, კანონის უზენაესობის, ეფექტური მმართველობისა და ბიზნესის განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების ჩამოყალიბების მიმართულებით მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია, რაც არაერთ ავტორიტეტულ რეიტინგში აისახა.
ხაზგასმით აღინიშნა სარეიტინგო კომპანიის, „Moody’s” ბოლო შეფასება, რომლის მიხედვითაც საქართველოს პოზიცია, ბოლო 7 წლის მანძილზე პირველად გაუმჯობესდა.
აღნიშნულმა სარეიტინგო კომპანიამ ყურადღება გაამახვილა ქვეყნის ეკონომიკაში არსებულ დადებით დინამიკაზე, პოზიტიურ მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე, მდგრად ფისკალურ პოლიტიკასა და განხორციელებულ სტრუქტურულ რეფორმებზე, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.
პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის ფარგლებში მიღწეული პროგრესი ნათლად ჩანს საერთაშორისო კვლევების შედეგებში. საქართველოს პოზიცია ღია ბიუჯეტის ინდექსში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.
ის 102 გამოკვლეულ ქვეყანას შორის 16 პოზიციაზეა და მოექცა მნიშვნელოვნად გამჭვირვალე ქვეყნებს შორის. ამ მაჩვენებლით საქართველო წინ უსწრებს რეგიონის ყველა, ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ბევრ ქვეყანას.
ასევე აღინიშნა, რომ მიღწეული პროგრესის დამატებით მტკიცებულებას უზრუნველყოფს როგორც სახელმწიფო ხარჯებისა და ფინანსური ანგარიშვალდებულების (PEFA) შეფასების, ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ფისკალური გამჭვირვალობის შეფასების ანგარიშები, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება 2017 წლის ბოლოს.
„იმავდროულად, აღნიშნული ანგარიშებით გამოვლენილი ფაქტები გვაძლევს საშუალებას გამოვიყენოთ სისტემური მიდგომა საჯარო ფინანსების მართვის ახალი რეფორმის და სამოქმედო გეგმის შემუშავებისათვის, რათა გადაიჭრას დარჩენილი საკითხები და გამოწვევები და შეიქმნას საჯარო ფინანსების მართვის ისეთი სისტემა, რომელიც ევროკავშირის სტანდარტებსა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან სრულ შესაბამისობაში იქნება. აღნიშნული მიღწევები შესაძლებელი გახდა ევროკავშირის და ჩვენი განვითარების სხვადასხვა პარტნიორის მტკიცე მხარდაჭერით,“ – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები