პრემიერის თქმით, სამეგრელო-ზემო სვანეთში სასტუმრო ინდუსტრიაში მრავალი პროექტი განხორციელდება

პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, სამეგრელო-ზემო სვანეთს დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს.
მისი თქმით, რეგიონს ბოლო სამი წლის განმავლობაში 11 ახალი სასტუმრო შეემატა და მომავალ წლებში, სასტუმრო ინდუსტრიის მიმართულებით, კიდევ მრავალი პროექტი განხორციელდება.
“ტურისტებისთვის ერთ-ერთ საყვარელ ადგილად იქცა, მართლაც გამორჩეული მარტვილის კანიონი, რომელიც უკვე აღჭურვილია სათანადო ინფრასტრუქტურით. სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს ასევე ნოქალაქევში, სადაც მოეწყობა საუკეთესო ტურისტული ინფრასტრუქტურა. ჩვენ სერიოზული სამუშაოები ჩავატარეთ თეთნულდის სამთო-სათხილამურო კურორტის პოტენციალის მთლიანად ასათვისებლად, რაშიც საერთო ჯამში 100 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება და თეთნულდი ოთხივე სეზონის განმავლობაში უმასპინძლებს ტურისტებს.
ალბათ ყველა ხედავთ, რამდენადაა გაზრდილი ტურისტების რიცხვი სვანეთის მიმართულებით. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი საერთო პოლიტიკის და ამ მხარეში განხორციელებული პროექტების შედეგია. წელს იმდენად გაზრდილი იყო მოთხოვნა, რომ ჩვენ ფრენების რაოდენობა გავზარდეთ სვანეთის მიმართულებით”, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, მალე დასრულდება უეფას სტანდარტების სტადიონის მშენებლობა ზუგდიდში.
“ამ დონის პროექტი მნიშვნელოვანია არა მარტო სამეგრელოსთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის. ზუგდიდი მსხვილი საერთაშორისო ტურნირების ჩატარებისთვის ძალიან ხელსაყრელი ადგილი გახდება.
დასრულდა პროექტირება და ვიწყებთ ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციას. პროექტის ღირეულება 10 მილიონი ლარია, ის წელიწადნახევარში დასრულდება. ამჟამად, მიმდინარეობს ნიკო დადიანის სასახლის სრული რეაბილიტაციაც.
ზუგდიდში, ფონდ “ქართუსთან” ერთად, ვიწყებთ თეატრის სრულ რეაბილიტაციას. თეატრის რეაბილიტაციას ვახორციელებთ სენაკშიც, ამ შემთხვევაშიც ფონდი “ქართუ” გვეხმარება. მალე ეს უნიკალური შენობები კიდევ უფრო დაამშვენებს ამ ულამაზეს მხარეს.
დაბოლოს, არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ზუგდიდში ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივით ხორციელდება ძალიან კარგი პროექტი. გამგეობა სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომლებსაც მძიმე საყოფაცხოვრებო პირობები აქვთ, თანამედროვე სახლებს უშენებს. ახალი სახლები უკვე გადაეცა 41 ოჯახს, ხოლო წლის ბოლომდე კიდევ 27 ოჯახს გადაეცემა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი პრობლემური საკითხების გადაჭრაზე პასუხისმგებლობას იღებს ადგილობრივი თვითმმართველობა და მას ეფექტიანად უმკლავდება. ჩვენ სწორედ ამისათვის გვჭირდება ადგილობრივი თვითმმართველობების კიდევ უფრო გაძლიერება. დარწმუნებული ვარ, რომ 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, თქვენ კიდევ ერთხელ გამოუცხადებთ ნდობას „ქართულ ოცნებას“ და ჩვენ ერთად გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ”, – განაცხადა კვირიკაშვილმა ზუგდიდში.
პრემიერ-მინისტრმა დღეს ზუგდიდში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მერობის 9 კანდიდატი წარადგინა.
21 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები