მომავალ წელს სამტრედია-ზუგდიდის შემოვლითი გზის მოდერნიზება დაიწყება

პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, მომავალ წელს სამტრედია-ზუგდიდის შემოვლითი გზის მოდერნიზება დაიწყება.
გიორგი კვირიკაშვილმა ზუგდიდში “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატების წარდგენისას რეგიონის მნიშვნელოვან ეკონომიკურ პროექტებზე ისაუბრა.
“მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პროექტი ხორციელდება სვანეთში – მიმდინარეობს “ნენსკრა-ჰესის” მშენებლობა. ეს პროექტი სრულიად ახალი შესაძლებლობაა ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკისთვის, უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობის გზაზე. მისი განხორციელებისთვის ჩვენს ეკონომიკაში 1 მილიარდი დოლარის ინვესტიცია შემოდის.
ჩვენ წელს გავხსენით მალთაყვას სანაპირო ზოლის ნაწილიდა ფოთს შევძინეთ ახალი საკურორტო ინფრასტრუქტურა. მალთაყვას სანაპირო ზოლის მშენებლობა გრძელდება და საბოლოოდ ფოთი, საპორტო ქალაქთან ერთად, საკურორტო ქალაქის სტატუსსაც შეიძენს.
ამ რეგიონის შემდგომი განვითარებისთვის, უაღრესად მნიშვნელოვანია საგზაო ინფრასტრუქტურის მთლიანად მოწესრიგება. ჩვენ მომავალ წელს დავიწყებთ სამტრედია-ზუგდიდის შემოვლითი გზის მოდერნიზებას, ანაკლიის ნპორტთან მისასვლელი გზის ჩათვლით. ამ პროექტის განხორციელების შემდეგ, შემცირდება საავტომობილო გადაზიდვების ხარჯი, გაადვილდება ტრანზიტული მოძრაობა და გადაადგილება გახდება უფრო უსაფრთხო.
ჩვენ ასევე ვახორციელებთ მასშტაბურ პროექტებს იმისათვის, რომ საბოლოოდ გადავჭრათ წყალმომარაგების პრობლემა ზუგდიდში, სენაკში, ფოთში, აბაშაში, მესტიაში, ჯვარში. წყლის პრობლემა უკვე მოვაგვარეთ ანაკლიაში, სადაც მოსახლეობა სარგებლობს 24-საათიანი წყალმომარაგებით. მომავალ წელს ზუგდიდისა და ჯვრის მოსახლეობას მოუგვარდება პრობლემა, რომელიც მათ ათწლეულების განმავლობაში აწუხებდათ”, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
პრემიერ-მინისტრმა დღეს ზუგდიდში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მერობის 9 კანდიდატი წარადგინა.
21 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები