საქართველოს, მოლდავეთისა და უკრაინის პარლამენტის წევრებმა კომოს კომუნიკეს მოაწერეს ხელი

იტალიაში, კომოს ტბაზე შეკრებილმა საქართველოს, მოლდავეთისა და უკრაინის პარლამენტის წევრებმა, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის წინ გამართული მოსამზადებელი შეკრების დასასრულს, მორიგ ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი. პარლამენტის ინფორმაციით, კომოს კომუნიკე, მიმართავს რა ევროპარლამენტს, ევროკავშირის საბჭოსა და კომისიას, კიდევ ერთხელ ახდენს სამი ასოცირებული ქვეყნის ევროპული არჩევანის სტრატეგიულ დეკლარაციას, აღნიშნავს აღმოსავლეთ პარტნიორობის შედეგად, ევროკავშირთან მიღწეულ ისტორიულ დაახლოებას, კიდევ ერთხელ გამოხატავს ამ ქვეყნების მზაობას, უდიდესი გეოპოლიტიკური სირთულეების მიუხედავად, განავითარონ დემოკრატიული მმართველობა, განამტკიცონ კანონის უზენაესობა ადამიანის უფლებათა დაცვის საფუძველზე და წვლილი შეიტანონ საერთო ევროპის უსაფრთხოების და კეთილდღეობის განმტკიცებაში. ~ საქართველოს, მოლდავეთისა და უკრაინის პარლამენტები სამიტს მოუწოდებენ, სამი ასოცირებული ქვეყნის დამსახურების გათვალისწინებით, აღიაროს მათი ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა, შემოიღოს ახალი ფინანსური დახმარების ინსტრუმენტები და გაძლიერდეს კოლექტიური ძალისხმევა რუსული საფრთხის დასაძლევად. ღონისძიების წარმართვას ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა, აღნიშნული პლატფორმის დონორი ორგანიზაციის (კონრად ადენაუერის ფონდი) მხარდაჭერით ხელმძღვანელობდა. ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი იყვნენ ევროპარლამენტის წევრები, ლიტვის, მოლდავეთის, უკრაინის პარლამენტის წევრები და ევროპის წამყვანი ანალიტიკური ცენტრების ექსპერტები. საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ შექმნილი პლატფორმა, საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის ინიციატივა – აღმოსავლეთპარტნიორობის ასოცირებული ქვეყნების ტრიო – მოლდავეთი, საქართველო, უკრაინა – ხელს უწყობს სამი ასოცირებული ქვეყნის ახლო თანამშრომლობას, ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებისთვის საჭირო კოორდინაციას და ევროპულ გზაზე ერთობლივი ძალებით დაწინაურებას. ინიციატივის ფარგლებში, უკვე არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება გაიმართა და ერთობლივი დეკლარაციები გამოიცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები