ირაკლი სესიაშვილმა და ირაკლი ბერაიამ გერმანიაში სამკურნალოდ მყოფი, ავღანეთში დაჭრილი სამხედროები მოინახულეს

საქართველოს პარლამენტის წევრებმა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა და მისმა პირველმა მოადგილემ, ირაკლი ბერაიამ, გერმანიაში ვიზიტისას, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაჭრილი უფროსი ლეიტენანტი ივერი ბუაძე, სერჟანტი გიორგი წიქარიშვილი და პირველი კლასის რიგითი ირაკლი კუჭუხიძე მოინახულეს.
დაჭრილი სამხედროებიდან, მძიმე მდგომარეობაში უფროსი ლეიტენანტი ივერი ბუაძეა, რომელსაც ლანდშტულის ამერიკულ ჰოსპიტალში რამდენიმე ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. ქართველი სამხედროები, ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის” მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის შემადგენლობაში შედიან. როგორც დეპუტატებმა აღნიშნეს, დაშავებული სამხედროები გმირები არიან, რომლებიც მსოფლიოში მშვიდობის სადარაჯოზე დგანან და საქართველოდან შორს, ქვეყანას იცავენ. “თქვენ ხართ გმირები, რომლებიც დგახართ მსოფლიოში მშვიდობის სადარაჯოზე და საქართველოდან შორს, იცავთ ჩვენი ქვეყნის ღირსებას და უსაფრთხოებას.
საქართველო არასოდეს დაივიწყებს ამ უდიდეს ღვაწლს. ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილი, თქვენი სხვა თანამებრძოლები და მათი თავგანწირვა”,- აღნიშნეს დეპუტატებმა ქართველ სამხედროებთან საუბრისას. დეპუტატები გაეცნენ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას, მტკიცე მხარდაჭერის მისიაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს და მალე გამოჯანმრთელება უსურვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები