საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია ვიზიტი ინდოეთის რესპუბლიკაში იმყოფება

0

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია, მინისტრის მოადგილის, დავით ჯალაღანიას ხელმძღვანელობით, სამხრეთ აზიის რეგიონში ტურნეს ფარგლებში, ინდოეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ნიუ დელის ეწვია. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნიუ დელიში გაიმართა საქართველო-ინდოეთის სავაჭრო, ეკონომიკური, სამეცნიერო და ტექნოლოგიური, კულტურული და საგანმანათლებლო თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-3 სხდომა და ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მე-6 რაუნდი. ორივე ფორმატი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეების დონეზე ჩატარდა. ინდოეთის მხრიდან დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მდივანი, რუჩი გჰანაშიამი. ქართულ დელეგაციაში წარმოდგენილი იყო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია, სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე თორნიკე რიჟვაძე,ინდოეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არჩილ ძულიაშვილი,ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ წარმომადგენლები. ინდური მხრიდან სხდომაში მონაწილეობა მიიღეს საგარეო საქმეთა, კომერციისა და ინდუსტრიის და რკინიგზის სამინისტროებმა, გადამზიდავი ასოციაციის და რეგიონული ვაჭრობის ცენტრის წარმომადგენლებმა. კომისიის ფარგლებში, სავაჭრო-ეკონომიკური, საინვესტიციო, ტრანსპორტის, ტურიზმის, ტელე-კომუნიკაციების, სამეცნიერო, საგანმანათლებლო, ინოვაციების, სასოფლო-სამეურნეო, კულტურული, ენერგეტიკული მიმართულებებით გასული ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობა და მიღწეული შედეგები განიხილეს და შეაფასეს, ასევე დაისახა ხსენებულ სექტორებში სამომავლო თანამშრომლობის განვითარების გზები, რომელიც აისახა კომისიის ოქმში. კომისიის სხდომაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და ინდოეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა წარმოადგენს მნიშვნელოვან ბერკეტს, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ორი ქვეყნის მეგობრობისა და პარტნიორობის შემდგომ განვითარებას, ხალხთა შორის კონტაქტების გააქტიურებასა და მოსახლეობის ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას. კომისიის სხდომის ფარგლებში, სხვა საკითხებთან ერთად მხარეებმა მნიშვნელოვან პროგრესს და შეთანხმებას მიაღწიეს საქართველოში საინფორმაციო, საკომუნიკაციო და საგანმანათლებლო მოწინავე ტექნოლოგიების ინდურ-ქართული ცენტრის გახსნასთან დაკავშირებით და საქართველო-ინდოეთის თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის მოლაპარაკებების დასაწყებად წინამოსამზადებელი სამუშაოებთან დაკავშირებით. ვიზიტის ფარგლებში, ქართულმა დელეგაციამ ორმხრივი შეხვედრები გამართა ინდოეთის კომერციის და ინდუსტრიის მინისტრთან სურეშ პრაბუსთან, რომელთანაც განხილულ იქნა საქართველოში მიმდინარე რეფორმები და მიღწეული შედეგები, ასევე საქართველო-ინდოეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები; ინდოეთის რკინიგზების მინისტრის მოადგილესთან, რომელთანაც განხილული იყო საქართველოს ინფრასტრუქტურული რეფორმები და პროექტები, ასევე რამდენიმე რეგიონული სატრანზიტო პროექტი, რომლებმაც ინდური მხარის დიდი დაინტერესება გამოიწვია; ინდოეთის ელექტრონიკის და საინფორმაციო ტექნოლოგიების მინისტრთან შრი რაჯივ კუმართან და სხვადასხვა სააგენტოს ხელმძღვანელებთან. პოლიტიკური კონსულტაციების ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა, როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში და მიმოიხილეს სამხრეთ კავკასიისა და სამხრეთ აზიის რეგიონში არსებული ვითარება და მიმდინარე პროცესები. განსაკუთრებით აღინიშნა დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 25 წლის იუბილე, რომლის აღსანიშნავად მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა ერთობლივი ღონისძიებების გამართვის თაობაზე. მხარეებმა აღნიშნეს საერთო ღირებულებებზე, მათ შორის საერთაშორისო სამართლებრივ პრინციპებზე, კანონის უზენაესობასა, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების დაცვის პრიორიტეტზე დამყარებული თანამშრომლობის დადებითი ტენდენცია. ინდოეთის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი პოზიცია. ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა ქართული დელეგაციის შეხვედრა ინდოეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრთან მ. ჯ. აკბართან, რომლის ფარგლებში მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის, როგორც ორმხრივი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის მზარდი და ნაყოფიერი ხასიათი.

კომენტარები

კომენტარი