აშშ საქართველოს დამატებით დაახლოებით 20 მლნ აშშ დოლარით დაეხმარება

აშშ საქართველოს დამატებით დაახლოებით 20 მლნ აშშ დოლარით დაეხმარება. არსებულ საგრანტო შეთანხმებებში შესული შესაბამისი ცვლილებები დღეს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორმა, დუგლას ბოლმა შეხვედრაზე განიხილეს, რომელიც ფინანსთა სამინისტროში გაიმართა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა მადლობა გადაუხადა აშშ-ს მთავრობასა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დახმარებისთვის. მისი თქმით, ის დახმარება, რომელიც საქართველომ 1992 წლიდან მიიღო უშუალოდ USAID-ის გავლით, 1,5 მლრდ აშშ დოლარზე მეტია, ხოლო აშშ-დან – 4 მლრდ აშშ დოლარზე მეტი.

განახლებული შეთანხმებები საქართველოსთვის ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებს მოიცავს, როგორიცაა „ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდა“, „დემოკრატიული კონტროლი და ბალანსი და ანგარიშვალდებული მმართველობა“ და მზარდად სტაბილური, ინტეგრირებული და ჯანსაღი საზოგადოება“.
შეთანხმებების ფარგლებში დაგეგმილია აქტივობები, რომლებიც მიმართული იქნება ბიზნესსტანდარტების საყოველთაო დანერგვისა და სხვადასხვა სექტორში კონკურენტუნარიანობის გაზრდისათვის, საქართველოს ბუნებრივი რესურსების ეფექტურად მართვისა და ბაზარზე ორიენტირებული სამუშაო ადგილების შექმნისათვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ინტეგრაციისა და ჩართულობის და ადამიანის უფლებათა დაცვისათვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები