ქეთევან ციხელაშვილი: ჩვენი ამოცანაა, ბარიკადების მიუხედავად, ხალხის ერთმანეთთან დასაკავშირებლად მაქსიმუმი გავაკეთოთ
“ჩვენი ამოცანაა, ბარიკადების მიუხედავად, ხალხის ერთმანეთთან დასაკავშირებლად მაქსიმუმი გავაკეთოთ”, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა საოკუპაციო რეჟიმის მიერ ხნულების გავლების თემაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ბარიკადების მშენებლობა კლასიკური მეთოდია ზეწოლისა და წნეხის შენარჩუნების, როგორც ადგილობრივ მოსახლეობაზე, ისე მთლიანად ქართულ საზოგადოებაზე.
„ეს, სამწუხაროდ, უკვე საოკუპაციო რეჟიმის კლასიკური და ტრადიციული მეთოდია, რომ მახინჯი ბარიკადების მშენებლობის გზით მუდმივი ზეწოლის მექანიზმი და წნეხი შეინარჩუნოს როგორც ადგილობრივ მოსახლეობაზე, ისე მთლიანად ქართულ საზოგადოებაზე. ქართულ საზოგადოებაში დამატებითი დაძაბულობა, დამატებითი ჰუმანიტარული გამოწვევები და ერთგვარი სასოწარკვეთა შექმნას იმასთან დაკავშირებით, სწორი კურსით ვვითარდებით თუ არა. ეს კურსი დემოკრატია, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციაა. რუსეთის ეს მცდელობა წინასწარ განწირულია, იმიტომ, რომ ამ გზას საქართველოს არამხოლოდ ხელისუფლება, არამედ მთლიანად საზოგადოება ირჩევს. ჩვენი ამოცანაა, ამ ბარიკადების მიუხედავად, მაქსიმუმი გავაკეთოთ, რომ ხალხი ერთმანეთთან დავაკავშიროთ. ადამიანებს, რომლებიც დღეს მავთულხლართების ტყვეობაში მათი ინტერესების საწინააღმდეგოდ იმყოფებიან, სხვადასხვა ტიპის სერვისები და ის სიკეთეები მივაწოდოთ, რომელიც სწორედ ჩვენს ევროატლანტიკურ განვითარებას მოაქვს“, – აცხადებს ციხელაშვილი.
შეგახსენებთ, რომ 12 სექტემბერს საოკუპაციო რეჟიმმა სოფელ ხურვალეთის მონაკვეთზე სპეციალური ტექნიკით ხანძარსაწინააღმდეგო ხნულების გაფართოება დაიწყო.