აშშ ე.წ. სამხრეთ ოსეთში და აფხაზეთში გამშვები პუნქტების დახურვის გამო შეშფოთებას გამოთქვამს
აშშ შეშფოთებულია ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში და აფხაზეთში გამშვები პუნქტების დახურვით და რუსეთს მოუწოდებს, ამ რეგიონებიდან თავისი სამხედროები გაიყვანოს.
ამის შესახებ ნათქვამია აშშ-საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის ერთობლივ განცხადებაში. ჯგუფის შეხვედრა ვაშინგტონში გაიმართა.
„აშშ-მ აღშფოთება გამოხატა ე.წ. სადემარკაციო სამუშაოების და გამშვები პუნქტების დახურვის გამო“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეხვედრის მონაწილეებმა რუსეთს კვლავ მოუწოდეს საქართველოს რეგიონებიდან, აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან თავისი შეიარაღებული ძალები გაიყვანოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესაბამისად.
„აშშ-მ ხაზი გაუსვა იმას, რომ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“, – აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.