ნინო გოგუაძე და დიმიტრი ცქიტიშვილი ინდონეზიის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციის წევრებს შეხვდნენ

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ნინო გოგუაძე და ამავე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი ცქიტიშვილი ინდონეზიის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციის წევრებს შეხვდნენ. შეხვედრის მთავარი თემა საქართველოში მიმდინარე და განხორციელებული რეფორმების შესახებ გამოცდილების გაზიარება იყო.
„ჩვენი კოლეგები ინდონეზიიდან ჩამოვიდნენ იმისთვის, რომ გაეცნონ საქართველოში მიმდინარე და განხორციელებულ რეფორმებს. ისინი თავიანთ ქვეყანაში რეფორმების განხორციელების პროცესში არიან და მათთვის საინტერესოა საქართველოს გამოცდილების გაზიარება”, – აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ ნინო გოგუაძემ. მხარეებმა, საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების განვითარებაზეც ისაუბრეს. საპარლამენტო დელეგაციის წარმომადგენლებმა სურვილი გამოთქვეს, რომ საქართველოსა და ინდონეზიას შორის შეიქმნას მეგობრობის ჯგუფი, რომელიც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ახალი პლატფორმა იქნება.
თავის მხრივ, ქართულმა მხარემ, ინდონეზიის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის შექმნისა და კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობების დამყარებისთვის მზაობა გამოთქვა. შეხვედრაზე, ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობისა და ხალხთა შორის ურთიერთობების გაღრმავებაზეც ისაუბრეს. „საქართველო სულ უფრო და უფრო პოპულარული და მიმზიდველი ქვეყანა ხდება ტურისტებისთვის, როგორც დასავლეთის ასევე, აღმოსავლეთის ქვეყნებში.
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია კოლეგებს ჰქონდეთ სწორი ინფორმაცია საქართველოში ტურიზმის პოტენციალის შესახებ. მნიშვნელოვანია ჩვენი ურთიერთობა სხვა მიმართულებებთან ერთად, ამ კუთხითაც კიდევ უფრო მეტად გააქტიურდეს”, – განაცხადა ნინო გოგუაძემ. მისივე თქმით, დაგეგმილია ინდონეზიის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციის წევრების შეხვედრა აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და სხვადასხვა უწყებების ხელმძღვანელებთან იმისთვის, რომ სწორი წარმოდგენა ჰქონდეთ თუ როგორ ვითარდება საქართველო, როგორ ხორციელდება რეფორმები ჩვენს ქვეყანაში და რა შედეგები მოაქვს ამ რეფორმებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები