გია ვოლსკის ვარაუდით, გიორგი მარგველაშვილი კონსტიტუციური ცვლილებების პროექტს ვეტოს კიდევ დაადებს

პარლამენტის ვიცე-სპიკერს, გია ვოლსკის ვარაუდით, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კონსტიტუციური ცვლილებების პროექტს ვეტოს კიდევ დაადებს.
ვოლსკი ოპოზიციის მიერ ალტერნატიული კონსტიტუციური პროექტის შექმნის შესახებ პრეზიდენტის ინიციატივასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისი მხრიდან ეს არაკორექტული განცხადება იყო.

„პრეზიდენტმა საკმაოდ არაკორექტული განცხადება გააკეთა და ეს პარლამენტის მიმართ უპატივცემულობის გამოხატვა იყო. თურმე, ვერ გაიგო, პარლამენტის თავმჯდომარე შენიშვნების წარდგენას რა სახით ითხოვს – წერილობით თუ კომიქსებით. პრეზიდენტმა უცნაური განცხადება გააკეთა. მისი მიზანია, გარკვეული პლატფორმის შეკვრა, რომელსაც სათავეში თავად ჩაუდგება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოთხოვნა ძალიან პრიმიტიულია და ულტიმატუმი ისმის, რომლის დღის წესრიგიდან მოხსნასა და ასევე იმ საკითხების ჩამოწერას ვითხოვთ, რომელთა ირგვლივ მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს.
პრეზიდენტმა იგნორირება გაუკეთა იმ ფაქტს, რომ უმრავლესობაშიც არსებობს ხუთი პარტია, რომელსაც გარკვეული შეხედულებები აქვს. ეს პრეზიდენტისთვის არც კონსტიტუციურად და არც ადამიანურად შესაფერისი განცხადება არ იყო”, – ამბობს ვოლსკი.
კანონმდებელი ვარაუდობს, რომ პრეზიდენტი ვეტოს უფლებას გამოიყენებს, თუმცა მოტივირებული შენიშვნების განსახილველად მზად არიან.
„მისი ასეთი შესავლის შემდეგ, გიდასტურებთ, რომ ვეტოს გამოიყენებს. მოტივირებული შენიშვნების განსახილველად მზად ვართ. დეტალურად უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რას ნიშნავს ჩვენი პოზიციები. ერთ მხარეს სისტემა შეიქმნა, რომელმაც შეიძლება ქვეყანაში ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისი განაპირობოს, ხოლო მეორე მხარე ამბობს, რომ უმრავლესობაში მოსულ პარტიას საშუალება უნდა ჰქონდეს, რომ მთავრობა შექმნას და კრიზისი თავიდან აიცილოს”, – განაცხადა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტი კონსტიტუციური ცვლილებების მესამე მოსმენით განხილვას 26 სექტემბერს გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები