აგრარულ საკითხთა კომიტეტში სოფლის მეურნეობის მინისტრს მოუსმინეს

აგრარულ საკითხთა კომიტეტში დღეს ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრს ლევან დავითაშვილს მოუსმინეს, რომელმაც კანონმდებლებს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
ლევან დავითაშვილის განცხადებით, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლისათვის, მცენარეთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციას, ამერიკის შეერთებული შტატების ექსპერტ-სპეციალისტებს მიმართეს და საქართველოს სპეციფიკის გათვალისწინებით დაიგეგმა შესაბამისი ღონისძიებები. მთავარი ამოცანა იმაში მდგომარეობდა, რომ შემცირებულიყო მავნებლის გავრცელების არეალი და შეძლებისგვარად დაცული ყოფილიყო პროდუქცია.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, საკმაოდ რთული ვითარება შეიქმნა სამეგრელოსა და გურიაში, სადაც განხორციელებული ღონისძიებების მიუხედავად, მავნებელმა დიდი ზიანი მიაყენა არა მხოლოდ თხილის კულტურას. შესაბამისად, წელს მნიშვნელოვნად შემცირდება თხილის ექსპორტი, თუმცა მისივე ინფორმაციით, მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ თხილის ერთობ ცუდი მოსავლის მიზეზი მხოლოდ აზიური ფაროსანა არ არის. ამ მავნებლის წვლილი ზარალში შეიძლება 8-10% იყოს დ ა თხილის მოსავლიანობის შემცირება დიდ წილად კლიმატური პირობებითაა გამოწვეული, რისთვისაც თითოეული ფერმერი მზადყოფნაში უნდა ყოფილიყო.
მინისტრის განცხადებით, წლევანდელი წელი ბუნებრივი კლიმატური პირობების თვალსაზრისით ბოლო 15 წლის განმავლობაში ყველაზე რთული იყო. გაზაფხულსა და ადრე ზაფხულში უხვნალექიანი ამინდების გამო თხილს ბაქტერიული და სოკოვანი დაავადებების პრობლემა გაუჩნდა, რამაც მისი მოსავლიანობა მნიშვნელოვნად შეამცირა. როგორც მინისტრმა განაცხადა, საჭიროა სწორი აგროტექნიკური ღონისძიებების განხორციელება, რომ კლიმატის ზემოქმედება შევამციროთ. უნდა ითქვას, რომ სამინისტრო მხოლოდ რეკომენდაციებით არ შემოიფარგლება და პრაქტიკულ რჩევებთან ერთად, მოსახლეობას ქიმიური პრეპარატებითაც ამარაგებს.
ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები გრძელდება, ვიდრე ეს მავნებელი ძილს მიეცემა. მისი თქმით, ერთი მხრივ, სახელმწიფო მუდმივად იქნება ჩართული გარკვეულ საველე სამუშაოებში, თუმცა მეორე მხრივ, მოსახლეობამ მექანიკური თუ შეწამვლითი სამუშაოები უნდა განახორციელოს, განსაკუთრებით საკარმიდამო ნაკვეთებში, რათა ერთობლივი ძალებით მაქსიმალურად მოხდეს ამ მავნებლის შემცირება.
კომიტეტის სხდომას ესწრებოდნენ სამეგრელოდან მოსახლეობის წარმომადგენლები, რომლებიც სახელმწიფოსაგან დახმარებას და ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ. თავის მხრივ, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმა მინისტრის წინაშე კომპენსაციის საკითხი დააყენეს.
„საკითხი მართლაც მნიშვნელოვანია, ვიცით რამხელა გამოწვევის წინაშე ვდგავართ და როგორია მასშტაბები, სიტუაცია ადგილზე საკმაოდ რთულია. რეგიონში ხშირად ჩავდივარ, პირადად ვეცნობი მდგომარეობას და დავადასტურებ, რომ მდგომარეობა ნამდვილად რთულია. მიუხედავად იმისა, რომ სურსათის უვნებლობა, სოფლის მეურნეობის სამინისტრო მასშტაბურ ღონისძიებებს ახორციელებს, ვხედავთ, რომ ეს მასშტაბები დღითი დღე იცვლება. ჩვენ გავდივართ დამატებით კონსულტაციებს ამ თემასთან დაკავშირებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როგორც სახელმწიფოს, ისე ფერმერების მხრიდან გატარდეს ის რეკომენდებული ღონისძიებები, რაც არის გათვალისწინებული, მათ შორის, უცხოელი სპეციალისტების ჩართულობით მომზადებულ გზამკვლევში, და შესაბამისად, შემდეგ უკვე მომდევნო ეტაპისთვის ჩვენ გვექნება კიდევ ერთი განხილვა, სადაც უკვე ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა საბოლოო მოცემულობა გვექნება ამ თემასთან მიმართებაში. სპეციალისტები ადგილზე მუშაობენ, გახსნილია საგანგებო შტაბი, რომელიც 24 საათის განმავლობაში მუშაობს და ასევე მოქმედებს ცხელი ხაზი, სადაც მოსახლეობას შეუძლია მიმართოს”, – განაცხადა ოთარ დანელიამ. აღსანიშნავია, რომ უკვე პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, სავარაუდოდ ხვალიდან ავიაციაც ჩაერთვება საქმეში, რათა დაამუშაონ ის ტერიტორიები, სადაც პოტენციურად შესაძლოა მავნებლებმა გამოიზამთრონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები