პეკინის ქუჩაზე ორმხრივი ველობილიკი მოეწყობა, ავტომობილები კი ცალმხრივი მიმართულებით იმოძრავებენ

თბილისში, პეკინის ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ცალმხრივი გახდება, ორმხრივი მოძრაობის უფლება მხოლოდ მუნიციპალური ტრანსპორტისთვის იქნება დაშვებული. ასევე, მოეწყობა ორმხრივი ველობილიკი.
​როგორც „სითი კვირას“ თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსმა, გივი კუბლაშვილმა განუმარტა, პეკინის ქუჩაზე იქნება მუნიციპალური ტრანსპორტისათვის ორმხრივი მოძრაობა, მოეწყობა Bus Lane, რომელზეც იმოძრავებს მხოლოდ ავტობუსი და სამარშრუტო ტაქსი საპირისპირო მიმართულებით, ხოლო საავტომობილო მიმართულება იქნება ცალმხრივი, ყაზბეგის გამზირიდან სასტუმრო „ჰოლიდეი ინის“ მიმართულებით.
კუბლაშვილის განცხადებით, პეკინის ქუჩაზე ცალმხრივი მოძრაობის დაწესებაზე 3 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა მუშაობა, გამოიკითხა მოსახლეობასაც. საკითხი განიხილეს საპატრულო პოლიციის, არასამთავრობოების წარმომადგენლებთანაც და ა.შ.
​მისივე თქმით, ყველა სატრანსპორტო საშუალება დაუბრუნდება ძველ სამარშრუტო სქემას, ერთადერთი ცვლილება ის არის, რომ გმირთა მოედნიდან პეკინის ქუჩის მიმართულებით მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, პეკინის ქუჩაზე მიროტაძის ქუჩიდან შევა.
„ახალი წესის მიხედვით, უკვე მოძრაობს ავტოტრანსპორტი და შეფერხება არ არის. ეს გაკეთდა საცობების განსამუხტად, მაგრამ, იმ შემთხვევაში, თუ დადებითი შედეგი არ დადგება, სხვა გადაწყვეტილებას მივიღებთ. ქუჩაზე ცალმხრივი მიმართულების დაწესების სამუშაოები 16 ივნისს, ჯერ კიდევ მაშინ დავიწყეთ, სანამ ზაფხულის პერიოდთან დაკავშირებით დედაქალაქში საავტომობილო ნაკადები შემცირდებოდა და მაშინვე გავაცალმხრივეთ. ივლისის შუა რიცხვებიდან იყო საავტომობილო ნაკადების კლება, მაგრამ სექტემბრის დასაწყისიდან ნაკადმა ისევ იმატა. დღეს 12 სექტემბერია და არანაირი შეფერხება არ ყოფილა“, – განაცხადა კუბლაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, პეკინის ქუჩაზე საგზაო მონიშვნებისა და ტროტუარების მოწესრიგების სამუშაოები დაახლოებით 18 სექტემბრამდე დასრულდება, ხოლო დანარჩენი სამუშაოები, მათ შორის გამწვანება, თვის ბოლოსთვის დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები