რა უნდა ვიცოდეთ დრონების მართვის წესის შესახებ – ექსპლუატაციის ნორმები

უპილოტო საჰაერო ხომალდების რეგისტრაციისა და სპეციფიკურ კატეგორიაში ექსპლუატაციის წესებთან დაკავშირებით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ დაინტერესებულ ოპერატორებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. კონსულტაციების ფარგლებში, დეტალურად განიხილეს სავალდებულო ნორმები და სააგენტოში წარსადგენი დოკუმენტაცია. ამასთან სააგენტოსა და „საქაერონავიგაციის“ წარმომადგენლების მიერ დრონების ოპერატორებს განემარტათ საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენის წესები, სივრცის სტრუქტურა და კლასიფიკაცია.
​სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში მზადყოფნას გამოთქვამენ, დაინტერესებულ ჯგუფებს,  დრონების მფლობელებსა და ოპერატორებს, კონსულტაციები გაუწიონ უპილოტო საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის წესებთან დაკავშირებით. ასევე სამუშაო შეხვედრის ორგანიზების მიზნით, შეუძლიათ დაუკავშირდნენ მითითებულ ელ. მისამართზე:
http://flightstandards@gcaa.ge;
როგორც „სითი კვირას“ ​სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განუცხადეს, პირველი სექტემბრიდან ამოქმედდა დისტანციურად მართვადი საჰაერო ხომალდების ღია კატეგორიაში ექსპლუატაციის ნორმები. მოქალაქეებს არ ესაჭიროებათ სააგენტოს თანხმობა თუ დაიცავენ „ღია კატეგორიის” შემდეგ პირობებს:
დისტანციურად მართვადი საჰაერო ხომალდის მაქსიმალური ასაფრენი მასა არ აღემატება 25 კილოგრამს;
• ექსპლუატაციის სიმაღლე არ აღემატება 400 ფუტს (122 მეტრს) მიწის ზედაპირიდან;
• ექსპლუატაცია ხორციელდება არა უმეტეს 54 კმ/სთ (15 მ/წმ) სიჩქარისა;
• ექსპლუატაცია ხორციელდება პირდაპირი ხედვის არეში;
• ექსპლუატაცია ხორციელდება საქართვლოს აეროდრომებიდან არანაკლებ 6 კილომეტრის დაშორებით;
• ექსპლუატაცია ხორციელდება პირის ან პირთა ჯგუფის თავზე, ან ნებისმიერი პირისგან ჰორიზონტალურად არანაკლებ 50 მეტრის დაშორებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული პირი ან პირთა ჯგუფი ასრულებს ექსპლუატატორის მითითებებს და მისი მეთვალყურეობის არეში იმყოფება;
• ექსპლუატაცია ხორციელდება საავტომობილო ან სარკინიგზო გზების თავზე, ან მის გასწვრივ არანაკლებ 50 მეტრის დაშორებით;
• ექსპლუატაცია ხორციელდება შენობა-ნაგებობიდან ჰორიზინტალურად, არანაკლებ 50 მეტრის დაშორებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ექსპლუატატორი ამ შენობა-ნაგებობის მესაკუთრეა ან მიღებული აქვს თანხმობა აღნიშნული შენობა ნაგებობის მესაკუთრისგან;
• ნაწილები, რომლითაც დაკომპლექტებულია დისტანციურად მართვადი საჰაერო ხომალდი ქარხნული წარმოებისაა და არ არის მოდიფიცირებული;
• დისტანციურად მართვადი საჰაერო ხომალდიდან არ ხორციელდება საგნების გადმოყრა და ნივთიერებების გადმოღვრა;
• დისტანციურად მართვადი საჰაერო ხომალდით არ ხორციელდება საგნების, სახიფათო ტვირთისა და ნივთიერებების გადატანა;
• დისტანციურად მართვადი უპილოტო საჰაერო ხომალდით არ ხორციელდება ბუქსირება;
• არ ხორციელდება საჰაერო და საპილოტაჟო ჩვენება;
• 14 წელს მიუღწეველი პირის მიერ, უპილოტო საჰაერო ხომალდის ექსპლუატაცია ხორციელდება სრულწლოვანი პირის ზედამხედველობის ქვეშ.
„იმ შემთხვევაში თუ დისტანციურად მართვადი საჰაერო ხომალდებით თქვენს მიერ განსახორციელებელი საქმიანობა, სამუშაოების ტიპი, სერვისები და ა.შ. მოითხოვს ღია კატეგორიისთვის დადგენილი ექსპლუატაციის ნორმისგან განსხვავებულ პირობებს, თქვენ ექცევით სპეციფიკური კატეგორიის ქვეშ. აღნიშნული კატეგორია ამოქმედდება მიმდინარე წლის პირველი ნოემბრიდან. პირველადი თანხმობა ექსპლუატაციაზე გაიცემა 1 წლამდე ვადით, ხოლო ყოველი მომდევნო თანხმობა გაიცემა 2 წლამდე ვადით“, – განაცხადეს სააგენტოში.
მათივე ინფორმაციით, საჰაერო ხომალდის ექსპლუატაცია, რომლის მაქსიმალური ასაფრენი მასა აღემატება 5 კილოგრამს ექვემდებარება რეგისტრაციას. უპილოტო საჰაერო ხომალდი რეგისტრირდება იურიდიული პირზე ან ფიზიკურ პირზე, რომელსაც შეუსრულდა 16 წელი. რეგისტრაციის მოწმობა ვარგისია უპილოტო საჰაერო ხომალდის არსებობის განმავლობაში და არის უვადო. სააგენტო უფლებამოსილია მოითხოვოს უპილოტო საჰაერო ხომალდის არსებობის დადასტურება ყოველ 2 წელიწადში ერთხელ. მონაცემთა ბაზაში შეტანილ უპილოტო საჰაერო ხომალდს ენიჭება ამოსაცნობი 5-ციფრიანი ნიშანი. უპილოტო საჰაერო ხომალდზე გაიცემა „უპილოტო საჰაერო ხომალდის რეგისტრაციის მოწმობა”. წესით გათვალისწინებული რეგისტრაციის მოთხოვნები ამოქმედდება 2017 წლის პირველი ნოემბრიდან.
თუ თქვენი უპილოტო საჰაერო ხომალდის მაქსიმალური ასაფრენი მასა შეადგენს ან აღემატება 150 კგ-ს, ექსპლუატაციისთვის აუცილებელი ხდება მოქმედი უპილოტო საჰაერო ხომალდის ექსპლუატატორის სერტიფიკატის ფლობა. აღნიშნული კატეგორია ამოქმედდება 2020 წლის პირველი იანვრიდან.
უპილოტო საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციასთან დაკავშირებით, საჭირო ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ვებგვერდის შემდეგ ბმულზე:  http://www.gcaa.ge/geo/upiloto.php

https://www.youtube.com/watch?v=4-ESdf3t2B4

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები