ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრა გაიმართა

2017 წლის 11 სექტემბერს საგარეო საქმეთა სამინისტროში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 41-ე რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრის თანათავმჯდომარეებთან დისკუსია გაიმართა. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრას ქართული მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ჟენევის მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, დავით დონდუა ხელმძღვანელობდა. მხარეებმა შეხვედრის მომდევნო რაუნდზე განსახილველი საკითხების შესახებ ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო წინა რაუნდის შემდგომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში განვითარებულ მოვლენებს. კერძოდ, საოკუპაციო ხაზის მავთულხლართებით და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერებით გამაგრებას. ამასთანავე, შეხვედრაზე უკანონო დაკავებები და გატაცებები, აფხაზეთის რეგიონში ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის ნეგატიურ შედეგებს ადგილობრივი მოსახლეობისთვის, კერძო საკუთრებაზე წვდომისა და თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის საკითხი განიხილეს. აღინიშნა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილი მძიმე მდგომარეობა ხელს უწყობს ადგილზე ვითარების დესტაბილიზაციას. კვლავ აქტუალურია გიგა ოთხოზორიას მკვლელის დაკავების საკითხი. გამოითქვა პროტესტი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ეთნიკური ქართველების მიმართ გააქტიურებული დისკრიმინაციის გამო. აქცენტი გაკეთდა საოკუპაციო რეჟიმის უკანონო ქმედებებზე, რომლებიც გალში მცხოვრებ ქართველობას ​ უცხოელებად დარეგისტრირებას და საკუთარი იდენტობის შეცვლას აიძულებს. ყურადღება გამახვილდა ასევე, ახალგორის ქართულ სკოლებში მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვის საკითხზე, გალის რაიონის კვალდაკვალ. დავით დუნდუამ თანათავმჯდომარეებს მოუწოდა, რაუნდის დროს სათანადო შეფასება მისცენ განვითარებულ მოვლენებს და ძალისხმევა არ დაიშურონ ადგილზე ვითარების გამოსწორებისთვის. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა რუსეთის ფედერაციის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების აღებისა და შესრულების აუცილებლობა, რაც გარანტირებული უნდა იქნას ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმებით. აქცენტი გაკეთდა ასევე ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების საკითხზე საგნობრივი მოლაპარაკებებისა და პროგრესის აუცილებლობაზე. ჟენევის მოლაპარაკებების 41-ე რაუნდი 2017 წლის 10-11 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები