საქართველოს პრემიერ-მინისტრი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ დაწესებულ დროებით მორატორიუმში შესწორების შეტანის საკითხს სპეციალური განცხადებით ეხმაურება.
როგორც პრემიერი აცხადებს, მორატორიუმი ძალაშია, უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვისება ნებადართული არ არის და ოპონენტების მიერ ამ თემაზე გაკეთებული განცხადებები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.
“უპირველეს ყოვლისა, მინდა მკაფიოდ განვაცხადო, რომ მორატორიუმი ძალაშია, უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვისება ნებადართული არ არის და ოპონენტების მიერ ამ თემაზე გაკეთებული განცხადებები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა სწორედ ჩვენი ხელისუფლების ინიციატივით იქნა აღიარებული სტრატეგიულ რესურსად და უცხოელებზე მის გასხვისებაზე დაწესდა შეზღუდვები; ამ საკითხთან დაკავშირებით, სპეციალური ჩანაწერი გაკეთდა კონსტიტუციის პროექტში. საუბარი იმაზე, რომ მორატორიუმში დროებით შეტანილი ცვლილება არაა შესაბამისობაში საკონსტიტუციო ჩანაწერთან, სიმართლეს არ შეესაბამება. ცვლილება ეხება მხოლოდ საფინანსო სექტორს და ისიც, შეზღუდული ვადით. საუბარია იმაზე, რომ საფინანსო ორგანიზაციებსა და ბანკებს, კანონის ამოქმედებამდე, დარჩეთ სოფლის მეურნეობის დანიშნულების მიწების საკუთრებაში დროებით დარეგისტრირების უფლება, იმ შეზღუდვით, რომ გარკვეულ ვადაში მოახდენენ ამ მიწის რეალიზაციას, მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე. აღნიშნული დროებითი ცვლილება განპირობებულია მხოლოდ იმ მიზნით, რომ ფერმერებს და გლეხებს შეეძლოთ საკუთარი მიწის ქონებრივ აქტივად გამოყენება, საფინანსო სექტორთან თანამშრომლობა და სოფლის მეურნეობის მთელი რიგი სახელმწიფო პროგრამებით სარგებლობა და ამავდროულად, არავითარი საფრთხე არ დაემუქროს სასოფლო-სამეურნეო მიწების განვითარებას. კიდევ ერთხელ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, დროებითი ცვლილება სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელებზე გასხვისების ყოველგვარ შესაძლებლობას გამორიცხავს და ამ თემაზე სპეკულაციები მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება“, – აცხადებს პრემიერი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები