სოფო ჯაფარიძე – დასაქმებულთა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მხოლოდ სამუშაო ადგილზე ბრძოლა არ არის საკმარისი

ახალი პროფკავშირული ორგანიზაცია “სოლიდარობის ქსელი – მშრომელთა ცენტრის” შეფასებით, გაერთიანებული პროფკავშირების არჩევნების გარშემო მიმდინარე პროცესები პროფკავშირის საქმიანობასა და მნიშვნელობას საფრთხეს უქმნის.
როგორც პორტალ “კვირაში” გამართულ პრესკონფერენციაზე ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ნინო ჩარკვიანმა განაცხადა, დღეს პროფკავშირების გარშემო მიმდინარე მოვლენები, ძირითადად, პირადი ანგარიშსწორებით შემოიფარგლება. “ჩვენ, “სოლიდარობის ქსელი – მშრომელთა ცენტრი” წარმოვადგენთ ახალ პროფკავშირულ ორგანიზაციას, რომელიც ცდილობს, ჩართოს დასაქმებულები მათი ყოველდღიური პრობლემების მოგვარებაში და იბრძვის სოციალური სამართლიანობისთვის. გვსურს, საჯაროდ განვაცხადოთ პროფკავშირულ საქმიანობასთან დაკავშირებული ჩვენი ხედვები და გითხრათ ისიც, თუ რას ვფიქრობთ განვითარებული მოვლენების შესახებ. სამწუხაროა, რომ დღეს პროფკავშირების გარშემო მიმდინარე საუბრები, ძირითადად, პირადი ანგარიშსწორებით და პროვოკაციებით შემოიფარგლება. ეს, რეალურად, უფრო აუცხოებს მოსახლეობას პროფკავშირისგან, როგორც ინსტიტუტისგან, რაც მის დისკრიმინაციას იწვევს “, – განმარტა ნინო ჩარკვიანმა. ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებლის, შოთა აზიკურის თქმით, დღევანდელი ვითარება კიდევ ერთხელ ცხადად აჩვენებს, რომ გაერთიანებული პროფკავშირების საქმიანობა გასაახლებელია და მას მეტი დემოკრატიულობა სჭირდება.
“გაერთიანებულ პროფკავშირებს სჭირდებათ ახალი ლიდერები. სწორედ ამიტომ, დავიწყეთ ჩვენ ახალი ტიპის პროფკავშირული ორგანიზაციის შექმნა, რომელიც ახალ გამოწვევებს ახლებურად უპასუხებს. ჩვენი მიზანი მშრომელთა მოძრაობის გამოცოცხლებაა”, – განაცხადა შოთა აზიკურმა.
“სოლიდარობის ქსელი – მშრომელთა ცენტრის” თავმჯდომარე სოფო ჯაფარიძე კი მიიჩნევს, რომ მშრომელთა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მხოლოდ სამუშაო ადგილზე ბრძოლა არ არის საკმარისი და პროფკავშირის საქმიანობა მხოლოდ კანონებითა და კვლევებით არ უნდა შემოიფარგლოს.
“ჩვენ დავიწყეთ დემოკრატიული, დამოუკიდებელი და ეფექტური პროფკავშირის შექმნა. ჩვენთვის დემოკრატიული პროფკავშირები მოიცავს იმას, რომ თავმჯდომარის არჩევნებში ხმის მიცემა შეუძლია ყველა წევრს და არა მხოლოდ დელეგატებს. ასევე, განსაზღვრული უნდა იყოს თავმჯდომარის არჩევის ვადა. ჩვენ ვართ ანგარიშვალდებულნი ჩვენი წევრების მიმართ. მიგვაჩნია, რომ დასაქმებულთა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მხოლოდ სამუშაო ადგილზე ბრძოლა არ არის საკმარისი. ყურადღება უნდა გავამახვილოთ ისეთ თემებზე, როგორებიცაა: ვალები, მაღალპროცენტიანი სესხები, საბინაო საკითხები, გაძვირებული ხარჯები, შეზღუდული ბიუჯეტი, მინიმალური ხელფასი, უმუშევრობა და სხვა. რაც მთავარია, ჩვენ გვაქვს განსხვავებული ბრძოლის ფორმატი. ჩვენი მთავარი მიზანი მშრომელების ამ პროცესში ჩართვაა”,- აღნიშნა სოფო ჯაფარიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები