მარიამ ჯაში, გენადი მარგველაშვილი და სიმონ ნოზაძე ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას ესტუმრნენ

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, თავმჯდომარის პირველი მოადგილე გენადი მარგველაშვილი და კომიტეტის წევრი სიმონ ნოზაძე დღეს ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში სკოლის ხელმძღვანელობასა და პედაგოგებს შეხვდნენ. ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა დარგობრივი კურსების პარალელურად სახელმწიფო ენის სწავლებას ახორციელებს. შეხვედრაზე სკოლის დირექტორმა, ქეთევან მახარაშვილმა აღნიშნა, პროგრამით სწავლება ხორციელდება როგორც სკოლის 10 რეგიონულ სასწავლო ცენტრში (ახალქალაქი, ნინოწმინდა, ბოლნისი, მარნეული, დმანისი, გარდაბანი, წალკა, საგარეჯოს მუნიციპალიტეტი სოფელი ლამბალო, ახმეტა და ლაგოდეხი), ასევე, მობილურ ჯგუფებში, რაც გულისხმობს სწავლებას ცენტრებს გარეთ. სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.
კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის თქმით, ქართული ენის სწავლება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საამაყო პროგრამა. „ხშირად ვხვდები ქართული ენის მცოდნე ახალგაზრდებსა და უფროსი თაობის წარმომადგენლებს ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში და უსაზღვროდ მახარებს, რომ სწავლების შედეგები სახეზეა”, -განაცხადა მარიამ ჯაშმა. მან გამოთქვა მზაობა, კომიტეტი დაეხმაროს სკოლას იმპლემენტაციის პროცესში წარმოქმნილი პრობლემებისა თუ ბარიერების დაძლევაში, პროგრამებისა თუ დონორების წრის გაფართოებაში.
კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გენადი მარგველაშვილის თქმით, მისასალმებელია, რომ საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების მხრიდან და შესაბამისი ქვეყნებიდანაც იკვეთება ინტერესი და მზაობა იმისა, რომ რაც შეიძლება ბევრმა მოქალაქემ შეისწავლოს ქართული ენა.
კომიტეტის წევრის, სიმონ ნოზაძის განცხადებით, ენა კულტურის უმთავრესი მატარებელია. აქედან გამომდინარე, ქართული ენის შესწავლა კიდევ უფრო გააღრმავებს საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლების სიყვარულს სამშობლოს მიმართ.
პედაგოგებმა თავიანთი გამოცდილებები გაუზიარეს და რეგიონულ სასწავლო ცენტრებში არსებული მდგომარეობა გააცნეს დეპუტატებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები