29 წარმატებული სტაჟიორი პროკურატურის ორგანოებში ვაკანტურ თანამდებობებზე დაინიშნა

საქართველოს პროკურატურის ორგანოებში ერთწლიანი სტაჟირების გავლის შედეგად, საუკეთესო შედეგების მქონე 29 პირი პროკურორისა და გამომძიებლის ვაკანტურ თანამდებობებზე დაინიშნა.
როგორც “კვირას” პროკურატურიდან აცნობეს, ახალდანიშნულ პროკურორებსა და გამომძიებლებს, დღეს საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე მოადგილეებთან ერთად პირადად შეხვდა. საქართველოს მთავარმა პროკურორმა მონაწილეებს სტაჟირების ეტაპის წარმატებით დასრულება მიულოცა და შემდგომ პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
2016-2017 წლებში საქართველოს პროკურატურის ტერიტორიულ ორგანოებსა და შესაბამის სტრუქტურულ დანაყოფებში სტაჟირება სულ 58-მა პირმა გაიარა, რომლებიც 2016 წელს განხორციელებული 3-ეტაპიანი კონკურსის შედეგად შეირჩნენ. მონაწილეებმა, სტაჟირების პროცესის პრაქტიკული ეტაპის დაწყებამდე, 2-თვიანი ინტენსიური მომზადების კურსი დაასრულეს, რომლის ფარგლებშიც მათ პრაქტიკაში გამოსაყენებელი ცოდნა პროკურატურის სისტემის მენეჯერებმა და პრაქტიკოსებმა გაუზიარეს. ერთწლიანი სტაჟირების ფარგლებში კი, თითოეული სტაჟიორი პროკურორისა და გამომძიებლის უფლებამოსილებას ახორციელებდა და პროფესიულ უნარ-ჩვევებს ეუფლებოდა. წარმატებული კანდიდატები საქართველოს პროკურატურის ორგანოებში სტაჟირების გავლის კომისიამ გასაუბრების შედეგად შეარჩია. გადაწყვეტილების მიღების პროცესში გათვალისწინებული იყო მათ მიერ გაწეული საქმიანობა, სტაჟირების ხელმძღვანელების შეფასებები, გავლილი ტრენინგები და ტესტირებები.
ბოლო წლების განმავლობაში პროკურატურის ორგანოებში სტაჟირება 550-ზე მეტმა პირმა გაიარა. დღეისათვის საქართველოს პროკურატურაში 460 პროკურორიდან 259, ხოლო 92 გამომძიებლიდან 44 ყოფილი სტაჟიორია. რაც შეეხება მენეჯერულ პოზიციებს, მათი უმრავლესობა ასევე სტაჟირებაგავლილ პირებს უკავიათ. მათ რიცხვში შედის მთავარი პროკურორი, მთავარი პროკურორის მოადგილე, დეპარტამენტის უფროსები და მოადგილეები, სამმართველოს უფროსები, საოლქო და რაიონული პროკურორები და მათი მოადგილეები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები