ფიტოსანიტარიის სტანდარტებს საერთაშორისო ორგანიზაციები თბილისში განიხილავენ

თბილისში მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენციის (IPPC) სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) რეგიონული სემინარი მიმდინარეობს, რომელშიც ცენტრალური/აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების წარმომადგენლები მონაწილეობენ. შეხვედრის მიზანია უსაფრთხო საერთაშორისო ვაჭრობის განვითარება და მცენარეთა მავნე ორგანიზმების საწინააღმდეგო ფიტოსანიტარიული ზომების გაძლიერება.
შეხვედრას ესწრება 18 ქვეყნის 24 დელეგატი, რომლებიც განიხილავენ ფიტოსანიტარიული ზომების საერთაშორისო სტანდარტების პროექტებს და ეცნობიან მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენციის, სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის, ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის მცენარეთა დაცვის რეგიონული ორგანიზაციის აქტივობებს და მონაწილე ქვეყნების გამოცდილებას. სემინარს, რომელიც საქართველოში პირველად იმართება ესწრებიან მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენციის (IPPC) გენერალური მდივანი ჯინიუენ შია და ევროპისა და ხმელთაშუაზღვისპირეთის ქვეყნების მცენარეთა დაცვის ორგანიზაციის (EPPO)გენერალური დირექტორი მარტინ ვორდი.
სემინარი სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ გახსნა. მისი განცხადებით, ასეთი წარმომადგენლობითი რეგიონული შეხვედრა საქართველოში პირველად იმართება და მნიშვნელოვანია მცენარეთა დაცვის სფეროსა და მავნებლებთან ბრძოლის საკითხებში გამოცდილების გაზიარებისთვის.

“ქართული მხარე ასეთ მასშტაბურ პლატფორმას გამოიყენებს და ჩვენი ქვეყნისთვის აქტუალურ თემებზე, მათ შორის აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებზე გაამახვილებს ყურადღებას”, – განაცხადა ნოდარ კერესელიძემ.
სამუშაო შეხვედრის ფორმატში სურსათის ეროვნული სააგენტო საქართველოში არსებულ ვითარებასა და გამოწვევებზე დელეგატებს ინფორმაციას წარუდგენს. სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის, ზურაბ ჩეკურაშვილის განცხადებით, მავნებლებთან ბრძოლის საკითხებში სხვა ქვეყნების გამოცდილება უმნიშვნელოვანესია.
რეგიონული სემინარი მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენციის სამდივნოს (IPPC), სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ევროპისა და ცენტრალური აზიის ოფისის, ცენტრალური აზიის ქვერეგიონული ოფისისა და ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის მცენარეთა დაცვის რეგიონული ორგანიზაციის (EPPO) ერთობლივი ძალებით იმართება და ორგანიზებულია სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ჩინეთის სამხრეთ-სამხრეთი თანამშრომლობის პროგრამის მხარდაჭერით (საქართველო ევროპისა და ხმელთაშუაზღვისპირეთის ქვეყნების მცენარეთა დაცვის ორგანიზაციაში (EPPO) 2016 წელს გაწევრიანდა, რაც წინგადადგმული ნაბიჯია ევროკავშირის სტანდარტებთან დასაახლოებლად).
მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენცია, რომელსაც 183 ხელმომწერი ქვეყანა ჰყავს, მავნე ორგანიზმების გავრცელებისა და ქვეყნებში შემოჭრის პრევენციისა და კულტივირებული და ველურად მზარდი მცენარეების დასაცავად შეიქმნა. მას საქართველომ ხელი 2007 წელს მოაწერა. დღეისათვის მიღებულია ფიტოსანიტარიული ზომების 41 საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც ინერგება კონვენციის ხელმომწერი ქვეყნების მიერ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები