ბათუმში ქვეწარმავლების გამო დახმარებას ითხოვენ – „მოძღვარს გველი ტაძრის კედელზე შეუნიშნავს”
ბათუმში, 31 დეკემბრის ქუჩაზე მდებარე სასაფლაოს ქვეწარმავლები შეესივნენ, – ამის შესახებ „კვირას“ ადგილობრივმა მოსახლემ განუცხადა.
როგორც „კვირასთან“ საუბრისას ბათუმელმა ქალმა აღნიშნა, ქვეწარმავლების გამო, შვილის სასაფლაოზე მისვლას ვერ ახერხებს.
იგი „კვირას“ დახმარებით, ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართავს, რათა სასაფლაოს ტერიტორიაზე ქვეწარმავლების საწინააღმდეგოდ პრევენციული ღონისძიება გაატარონ.
„8 სექტემბერს ჩემი შვილის წლისთავი ხდება. დედაჩემიც იმ სასაფლაოზეა დაკრძალული და, გველების გამო, სასაფლაოზე ვერ ავსულვარ. ამას წინათ, მოძღვარს გველი ტაძრის კედელზე შეუნიშნავს… ძალიან მეშინია და ჩემი შვილის სასაფლაოზე ასვლას ვერ ვახერხებ. პირადად მე არ მინახავს, სხვებისგან მესმის ეს ამბები. ისიც კი გავიგე, ეკლესიასთან ახლოს სახლია და ქალს ლოგინი გამოუტანია, თურმე გველი ლეიბში გახვეულიყო და ქალისთვის უკბენია. ეს რომ გავიგე, უფრო მეტად შემეშინდა. 8-ში ჩემი ბიჭის წლისთავია და არ ვიცი, როგორ მოვიქცე, როგორ ავიდე სასაფლაოზე… ნუთუ, არ შეიძლება ხელისუფლებამ გველების საწინააღმდეგოდ რამე სახით ბრძოლა განახორციელოს“, – აღნიშნა ბათუმელმა ქალბატონმა.