“მიხეილ სააკაშვილი “ვარდების რევოლუციის” ლიდერიდან სახელმწიფოს არმქონე მოხეტიალედ იქცა”

მიხეილ სააკაშვილს, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, უყვარს იმის გახსენება, თუ როგორ დადიოდა კიევის ცენტრში, უკრაინაში, სადაც ადამიანები უახლოვდებოდნენ და მასთან სურათის გადაღებას სთხოვდნენ.
ამის შესახებ ჟურნალი Foreign Policy ავრცელებს. მსახიობებისთვის ეს ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ პოლიტიკოსთა შორის “ერთადერთი ვარ, ვისთანაც ყველაზე მეტ სელფის იღებენ”, – განაცხადა მან უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, სატელეფონო საუბრის დროს. “ასე იმიტომ ხდება, რომ მათი პოპკულტურის ნაწილი ვარ”.
სააკაშვილი უნგრეთსა და პოლონეთს შორის მოგზაურობს, რადგან ოფიციალურმა კიევმა 26 ივლისს მას უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა. სააკაშვილი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეობის მიღებისას, საქართველოს მოქალაქეობა დაკარგა, ახლა მოქალაქეობის არმქონე პირია.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი (ჯერ იმიგრაციაში, შემდეგ უკრაინის ოდესის ოლქის გუბერნატორი, შემდეგ ისევ ემიგრაციაში) ახლა პოლონეთშია დაბანაკებული. ის და მისი მხარდამჭერები და მოკავშირეები ცდილობენ, რომ კაცი, რომელსაც მიშას სახელით იცნობენ, უკან, კიევში დააბრუნონ.
თუმცა, სააკაშვილის თქმით, მას უნგრეთსა ან პოლონეთში დარჩენის „არავითარი სურვილი აქვს“. მისივე თქმით, ხალხი პოლონეთის ქუჩებში ცნობს და მხარდაჭერას გამოხატავს, მაგრამ ის „აქაურობას არ ეკუთვნის“.
სააკაშვილის კუთვნილება ფიზიკური სამყაროს, რეგიონული პოლიტიკური სივრცისა თუ ზოგადი წარმოსახვისათვის ახლა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, თუმცა, ის ყოველთვის აღფრთოვანებას იწვევდა 2003 წელს ქართული „ვარდების რევოლუციას“ შემდეგ.
მას ხშირად დიდ დამსახურებად უთვლიან საქართველოს მოდერნიზაციას, ვესტერნიზაციას, რეფორმირებასა და ქვეყნაში კორუფციის აღმოფხვრას. ის ახლა აღმოსავლეთ ევროპის ყოფილი ლიდერების ერთგვარი სიმბოლოცაა, რომლებსაც ლიბერალური პრინციპების უგულებელყოფასა და ავტორიტარიზმისაკენ გადახვევაში ადანაშაულებენ.
როგორ იქცა საქართველოს მმართველიდან ვარშავაში დევნილად, „გარკვეულწილად, ლოგიკურია, მისი პიროვნებიდან და ცხოვრების წესიდან გამომდინარე“, – ამბობს „ფრიდომ ჰაუსის“ ევროპისა და ევრაზიის პროგრამების დირექტორი მარკ ბერენდტი. „ის ევრაზიის ვაცლავ ჰაველი შეიძლება გამხდარიყო, საკუთარი პრინციპებისთვის რომ ეერთგულა“.
„ხელისუფლებაში ის დიდი მხარდაჭერით მოვიდა. შეეძლო, ყველაფერი გაეკეთებინა, რასაც მოისურვებდა“, – აცხადებს ბერენდტი. „ამის ნაცვლად, მან ის გააკეთა, რაც თავად სურდა“.
2003 წელს, 36 წლის სააკაშვილმა, ტელევიზიის პირდაპირ ეთერში, შტურმით აიღო საქართველოს პარლამენტი და ედუარდ შევარდნაძის – საბჭოთა კავშირის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოს იმდროინდელი პრეზიდენტის – გადადგომა მოითხოვა, გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების გამო.
ცოტა ხანში გამართულმა ახალმა არჩევნებმა კოლუმბიის სამართლის სკოლის კურსდამთავრებული სააკაშვილი რევოლუციონერიდან ქვეყნის პრეზიდენტად აქცია. ის აქტიურად ებრძოდა დანაშაულსა და კორუფციას და საქართველოს დასავლეთისაკენ სწრაფვას. 2008 წელს საქართველო-რუსეთის ომში ჩაება. კრიტიკოსები აცხადებენ, რომ სააკაშვილი რუსების მიერ დაგებულ მახეში გაება, როცა სამხრეთ ოსეთის დედაქალაქისკენ დაიძრა და სჯეროდა, რომ აშშ დაეხმარებოდა.
2009 წელს სააკაშვილმა ახალი საერთაშორისო მრჩევლები შემოიკრიბა, რომელთა შორის მოლი მაკქიუც იყო. სააკაშვილსა და მის მთავრობასთან მუშაობას ის „უნიკალურ გამოცდილებას“ უწოდებს, რადგან საქართველოს ოფიციალური პირები, მართლაც, უსმენდნენ მრჩევლებს. ეს ისაა, რაც ყველა ჩვენგანი ნატრობს – ისეთ მთავრობასთან მუშაობა, რომელიც გარდაქმნების განხორციელებას ცდილობს“, – განაცხადა მან.
სააკაშვილმა ასევე მიიპყრო დასავლეთის ყურადღება, ნაწილობრივ ჯორჯ ბუშის ამერიკულ ადმინისტრაციასთან კარგი ურთიერთობის ჩამოყალიბებით. სააკაშვილმა გავლენიანი ლობისტები და მრჩევლები დაიქირავა. 2013 წელს „სანლაით ფაუნდეიშენმა“ (Sunlight Foundation) საქართველო 10 ქვეყანას შორის დაასახელა, რომლებიც ლობისტებზე ყველაზე მეტ თანხებს ხარჯავდნენ.
მისი მოწინააღმდეგეებიც კი აღნიშნავენ, რომ სააკაშვილმა საქართველოს მსოფლიო რუკაზე ფუნქცია შესძინა. „საქართველოში მან დიდი ყურადღება და ენერგია შემოიტანა“, – ამბობს მაიკლ ჩეჩირე, „ნიუ ემერიქას“ საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხების მკვლევარი.
„სააკაშვილი ნამდვილად იმსახურებს აღნიშვნას „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ აქტიური სახელმწიფო მშენებლობისათვის“, – ამბობს ის.
მაგრამ ვარდები ჭკნება და, ზოგის აზრით, ასევე მოუვიდა „ვარდების რევოლუციასაც“. სააკაშვილის კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ მან გააძლიერა სახელმწიფო, თუმცა არა მოქალაქეთა უფლებები და თავისუფლებები, დასავლელმა ლიდერებმა კი ხმა არ ამოიღეს, როცა მან სასამართლო სისტემის კონტროლი დაიწყო, საპროტესტო გამოსვლები დაარბია და ათასობით პოლიციელი დაითხოვა სამსახურიდან, რეფორმის სახელით.
ჩეჩირეს თქმით, სააკაშვილმა და მისმა გუნდმა უგულებელყვეს კანონის უზენაესობა და ძალაუფლების პერსონიფიკაცია მოახდინეს. „მას ბოლოს უახლოესი თანამებრძოლების დიდი ნაწილიც კი განუდგა“.
„ბევრი კარგ ადამიანს სჯეროდა, რომ ის მოდერნიზაციას მოახერხებდა, რისი სიმბოლოც „ვარდების რევოლუცია“ იყო“, – „ფორინ პოლისის“ შეკითხვაზე მოგვწერა თედო ჯაფარიძემ, რომელიც ერთ დროს სააკაშვილის კოლეგა იყო. „თუმცა, მისი პირველი საპრეზიდენტო ვადის ბოლოს უკვე ცხადი გახდა, რომ ის საკუთარ ავტორიტეტს საქართველოში შეუზღუდავი ძალაუფლების განსამტკიცებლად იყენებდა“.
ახლა ის საქართველოს პრემიერ-მინისტრის საგარეო პოლიტიკური მრჩეველია და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი კომენტარი მხოლოდ პირადული ხასიათისაა. ჯაფარიძის თქმით, კარგად ახსოვს, როცა მან და მისმა მეუღლემ, მოსმენების შიშით, მობილური ტელეფონების გამოყენება შეწყვიტეს. სააკაშვილის მმართველობის სტილს მან „უკიდურესად ავტორიტარული“ უწოდა და აღნიშნა, რომ სააკაშვილის დროს საქართველო პატიმართა რიცხვით მსოფლიოში პირველ ადგილზე იყო.
2012 წელს მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ სააკაშვილის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო არჩევნებში დაამარცხა („ფორინ პოლისისთან“ ინტევიუში სააკაშვილმა ივანიშვილი, რომელიც ცოტა ხნით პრემიერ-მინისტრი იყო, ირანის უზენაეს ლიდერს შეადარა).
მომდევნო წელს სააკაშვილის საპრეზიდენტო ვადა დასრულდა და მან თანამდებობა დატოვა.
„ქართული ოცნების“ ახალმა მთავრობამ საქმე აღძრა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკოსების, მათ შორის სააკაშვილის, წინააღმდეგაც, რომელიც ძალაუფლების გადამეტებაში დაადანაშაულეს. ბრალდებებს შორის იყო სააკაშვილის მიერ 2007 წლის საპროტესტო აქციებისა და სატელევიზიო არხის დარბევა.
ლინკოლნ მიტჩელმა, საქართველოს საკითხების მიმომხილველმა, რომელიც 2012 წელს „ქართული ოცნების“ მრჩეველი იყო, განაცხადა, რომ სააკაშვილი „მართლაც, ავტორიტარული ლიდერის მდგომარეობამდე მივიდა“. თუმცა, მან ასევე აღიარა, რომ სააკაშვილს, როგორც, მაგალითად, ჯორჯ ბუშს, საპრეზიდენტო ვადის შემდეგ, საქართველოში ჩვეულებრივ ცხოვრება არ შეეძლო.
უკრაინაში ბევრი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის ახლად დაფუძნებული პარტია „ახალი ძალების მოძრაობა“ გამოკითხვებში დიდი პოპულარობით არ სარგებლობს და ყოფილი ოდესის გუბერნატორი უკვე დისტანცირებს საკუთარი პარტიიდან და ამბობს, რომ მისი პოპულარობა განსხვავდება პარტიის პოპულარობისგან. „ეს იყო ჩემი პარტია, ეს არ ვიყავი მე“, – აცხადებს იგი… მე ყოველთვის ვარ 3-4 ყველაზე პოპულარულ პოლიტიკოსს შორის. მთავარია ჩემი და არა ჩემი პარტიის რეიტინგი.“
2017 წლის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევის თანახმად, სააკაშვილის მიმართ უკრაინელთა მხოლოდ 2 პროცენტია ძალიან დადებითად განწყობილი, მაშინ როცა ძალიან უარყოფითად გამოკითხულთა 44 პროცენტი აფასებს მას.
„ეს არ იზომება ჩატარებული კვლევებით“, – განაცხადა სააკაშვილმა. „მე იქ საკმაოდ მნიშვნელოვან როლს ვთამაშობდი“.  „ძალიან ბევრი ხალხის ფიქრობს ოდესაში, რომ ეს იყო ყველა დროის საუკეთესო მმართველობა“, – აცხადებს ის.
სააკაშვილმა გასულ კვირას  ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ის უკრაინაში 10 სექტემბერს დაბრუნდება. მისი განცხადებით, მას არ ეშინია და მოუწოდა უკრაინის ხელისუფლებას, რომ ამ საკითხზე „ცირკი“ არ მოაწყოს.
უკრაინის სასაზღვრო დაცვის სამსახურმა უკვე განაცხადა, რომ ისინი სააკაშვილს ქვეყნის ტერიტორიაზე არ შეუშვებენ.
სააკაშვილმა განვლო გზა „ვარდების რევოლუციის“ ლიდერობიდან საქართველოს პრეზიდენტობამდე. შემდეგომ იყო უკრაინაში დევნილობა, უკრაინის მთავრობაში მუშაობა და კვლავ დევნილობა. თუ ყველაფერი მისი გეგმის მიხედვით წარიმართა, უკრაინაში დაბრუნების შემდეგ მას სასამართლოს წინაშე მოუწევს წარდგომა. გაურკვეველია, რა მოხდება, როცა იგი საზღვრის გადაკვეთას შეეცდება.
შესაძლოა, ალტერნატიული დასასრული იყოს ის, რომ იგი მშვიდად იცხოვრებს ბრუკლინში, ან ვარშავაში, სადაც ცხოვრების დარჩენილ წლებს უნივერსტეტსა ან ანალიტიკურ ცეტრში გაატარებს. თუმცა, ეს ის დასასრული არ არის, რომელიც სააკაშვილს სურს.
„უკრაინელები არასოდეს მაპატიებენ, რომ ასე მარტივად დავნებდი. ეს ნიშნავს, რომ მეც სხვა დანარჩენებს ვგავარ“, – აცხადებს იგი. „და მე კი, მთელი ცხოვრების მანძილზე ვცდილობდი, არ ვყოფილიყავი სხვების მსგავსი”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები