“ნიავსაც კი შეუძლია, დარჩენილი ცეცხლის კერა გააღვივოს, თუმცა საფრთხეები შემცირებულია”

“ჩნდება ცალკეული კერები, თუმცა წუხანდელთან შედარებით, საფრთხეები შემცირებულია“, – ამის შესახებ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა ბორჯომის ხეობაში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, დღეს დილიდან შეინიშნება პოზიტიური დინამიკა ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში, „თუმცა ამან თვითდამშვიდების უფლება არ უნდა მოგვცეს“.
“კვლავ მობილიზებულია როგორც მძიმე ტექნიკა, ასევე ავიაცია და ცოცხალი ძალა. პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ ქარის ინტენსივობის მიხედვით ვერტმფრენის მიერ შესრულებული სამუშაო ხშირად არაეფექტურია იმიტომ, რომ საჭიროა ცოცხალი ძალით იმ კონკრეტული კერების საბოლოოდ დამუშავება-ჩაქრობა. სწორედ ამისთვის არის მობილიზებული ცოცხალი ძალა. დღეის მონაცემებით, ადგილზე 2500-მდე ადამიანია ჩართული. საჭიროების შემთხვევაში ძალა გაიზრდება“, – განაცხადა აგულაშვილმა.
მისივე თქმით, ცეცხლის გაძლიერებისთვის არ არის აუცილებელი, გრიგალი ამოვარდეს და მცირე ზომის ნიავსაც კი შეუძლია, დარჩენილი ცეცხლის კერა გააღვივოს.
გარემოს დაცვის მინისტრმა მოსალოდნელ ამინდზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მცირე ზომის წვიმაა მოსალოდნელი, რომელიც ცეცხლის ჩაქრობაში გადამწყვეტ როლს ვერ შეასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები