ზურაბ ალავიძე: ბოლო ინფორმაცია დამაიმედებელია, თუ ასე გაგრძელდა, ხვალისთვის ხანძარი ლოკალიზებული იქნება

“ამჟამინდელი სიტუაცია დიდ ოპტიმიზმს გვაძლევს და თუ ქარმა არ შეგვიშალა ხელი, ვფიქრობ, ხვალისთვის ლოკალიზებული გვექნება ხანძარი”, – ამის შესახებ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, მიმდინარეობს პერიმეტრის დაზვერვითი სამუშაოები. შტაბს აქვს ზუსტად მონიშნული ხანძრის კერები, რომელთაც ვერტმფრენები ამუშავებენ.
”ბოლო ინფორმაცია დამაიმედებელია. სიტუაცია დიდ ოპტიმიზმს გვაძლევს. ბოლო დღეების განმავლობაში, რაც აქ ვიმყოფებით, 15-დან 18 საათამდე ქარი ძლიერდება ხოლმე, რაც ცეცხლს აღვივებს, თუმცა, თუ ასე გაგრძელდა, როგორც ამჟამად არის, ვფიქრობ, რომ ხვალისთვის ლოკალიზებული იქნება. ჩვენ ასევე რკალი გვაქვს შემოვლებული ხანძრის კერებისთვის, რათა არ მოხდეს ცეცხლის ჯანსაღ ტყეზე გაღვივება”, – განაცხადა ალავიძემ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, აღნიშნული ტერიტორიები კონტროლდება და კვამლი, რომელიც ამოდის, ტორფს უკიდია. „2 თვეა, არ უწვიმია აღნიშნულ ტერიტორიაზე. ნიადაგი დამსკდარია და ტორფი ღვივის. ჩვენ გვაქვს რამდენიმე კერა, რომელიც ამჟამად შედარებით აქტიურია და იმ კერებს ვერტმფრენები ამუშავებენ”, – განაცხადა ალავიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები