ქეთევან ციხელაშვილის: თამარ მეარაყიშვილის დაკავების შესახებ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ინფორმირებულია
“იმედს გამოვთქვამთ, რომ საერთო ძალისხმევა გამოიღებს შედეგს და ამით ამოიწურება თამარ მეარაყიშვილის მიმართ მსგავსი ქმედებები, ზეწოლის განხორციელება და თამარ მეარაყიშვილს, მის ოჯახს და, საერთოდ, ყველა ოჯახს ახალგორში მიეცემა უსაფრთხოდ ცხოვრების შესაძლებლობა”, – განაცხადა საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა.
მისივე თქმით, ახალგორში, დე ფაქტო რესპუბლიკის მიერ დაკავებული სამოქალაქო აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის დაკავების შესახებ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ინფორმირებულია.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის უფლებები არ ირღვეოდეს ასე უხეშად ამ ტერიტორიებზე და სწორედ ამიტომ ჩვენი ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო ინსტრუმენტები ამოქმედდეს. თამარ მეარაყიშვილის დაკავების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე ჩვენ აქტიურად ვართ მისი გათავისუფლებისა და მის მიმართ დევნის შეწყვეტის მიმართულებით მუშაობაში. ჩვენი პარტნიორები სრულად არიან ინფორმირებულები, მათ შორის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია“,- აღნიშნა ციხელაშვილმა.
თამარ მეარაყიშვილი ამჟამად სახლში იმყოფება. მეარაყიშვილი, ახალგორში, საკუთარ სახლთან სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მილიციამ დააკავა.