ლიტვის საგარეო უწყება აგვისტოს ომთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთ – საქართველოს ომის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აფხაზეთსა და ოსეთში სისტემატურად ირღვევა ადამიანის უფლებები და შეუძლებელია საერთაშორისო მონიტორინგის განხორციელება.
”ომის დასრულებიდან 9 წლის შემდეგ, რუსეთს არ შეუსრულებია ე.წ. ექვსპუნქტიანი სამშვიდობო გეგმა. დღეს კვლავ ოკუპირებულია რუსეთის მიერ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, საქართველოს რეგიონები. რუსეთი განაგრძობს ამ რეგიონების მცოცავ ანექსიას, მავთულხლართების აღმართვას და ე.წ. საზღვრით გამოყოფას. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან ხელმოწერილია ე.წ. ხელშეკრულებები მათი შემდგომი სამხედრო ეკონომიკური და სოციალური ინტეგრაციის კუთხით; სისტემატურად ირღვევა ადამიანის უფლებები საქართველოს ამ რეგიონებში და შეუძლებელია საერთაშორისო მონიტორინგის განხორციელება. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს ექვსპუნქტიანი გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებები, შეწყვიტოს საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევა და პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას”, – ნათქვამია განცხადებაში.