კახა კალაძე: თბილისში დასრულდება ე.წ. ურბანული გენოციდი და იგი თანამედროვე, სიცოცხლით სავსე ქალაქი გახდება (ვიდეო)

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე, დედაქალაქის ურბანული განვითარების გზებზე საუბრობს.როგორც მერობის კანდიდატი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, თითოეულ გაცემულ ნებართვასა და დამტკიცებული პროექტზე გადაწყვეტილება მიღებული იქნება მხოლოდ და მხოლოდ ერთიანი, ურბანული კონცეფციიდან გამომდინარე.
„წლებია თბილისს არ ჰქონია ურბანული განვითარების ერთიანი კონცეფცია; არ ჰქონია მოსახლეობის კეთილდღეობაზე, ჯანმრთელობასა და კომფორტზე მორგებული საცხოვრებელი გარემოს შექმნის გეგმა; არ ჰქონია თბილისის ვიზუალური მხარის, არქიტექტურული უნიკალურობისა და მშენებლობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ხედვა. ასეთია ჩვენი, სულ მცირე ბოლო 25-წლიანი მემკვიდრეობა და თუ გნებავთ, დანაშაულიც კი. ჩვენი გუნდი აპირებს ერთობლივად, კომპლექსურად, ყველა პრობლემის მოგვარებაზე მუშაობის დაწყებას“, – აცხადებს კალაძე.
მისივე თქმით, დედაქალაში ყველა საცხოვრებელი კომპლექსი თუ კორპუსი უნდა აკმაყოფილებდეს არა მარტო უსაფრთხოების ნორმებსა და ხარისხს, არამედ არქიტექტურულ გემოვნებას და ქალაქის ერთიან სტილს. „ქალაქი, ეს არის ერთიანი, ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც ადამიანივით ცოცხლობს და ამიტომ, სიცოცხლისთვის აუცილებელმა კომპონენტმა საათის მექანიზმივით, უნისონში აწყობილად უნდა იმუშაოს“, – აღნიშნავს თბილისის მერობის კანდიდატი.
კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ დედაქალაქის განაშენიანება და განვითარება ჰარმონიული იქნება.
„გაძლევთ პირობას, რომ თბილისში დასრულდება ე.წ. ურბანული გენოციდი და ქალაქი თანამედროვე, რაც მთავარია, სიცოცხლით სავსე გახდება. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამას ძალიან მალე, ერთიანი ძალიხმევით შევძლებთ“, – განაცხადა მან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები