ინკლუზიურ -პროფესიულ განათლებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ინკლუზიურ -პროფესიულ განათლებასთან დაკავშირებით, პროფესიულ სასწავლებელში „სპექტრი“ სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი, პროფესიული სასწავლებლების ხელმძღვანელები, დარგის ექსპერტები, დაინტერესებული პირები და ორგანიზაციები მონაწილეობდნენ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი იყო იმ პროექტების განხილვა, რომელიც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებს (სსსმ) საშუალებას აძლევს პროფესია შეიძინონ და დასაქმდნენ. შესაბამისად, მონაწილეებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს პროფესიულ სასწავლებლებში ინკლუზიური განათლების მიმართულებით არსებულ მიღწევებსა და პროექტის დანერგვის პროცესში წამოჭრილ პრობლემებზე. პროფესიული სასწავლებელის „სპექტრი“ მაგალითზე, მოხდა გასულ წელს განხორციელებული პროექტების შეფასება, შედეგების გაანალიზება და მათზე დაყრდნობით, მომავალი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განსაზღვარა. როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, საქართველოს პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემაში ინკლუზიური განათლების დანერგვა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივა და ერთ-ერთი პრიორიტეტია. პროექტი საქართველოს მასშტაბით სასწავლებელში ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინისტროს დაფინანსებითა და ხელშეწყობით ხორციელდება დამისი მიზანია ხელი შეუწყოს ინკლუზიური პროფესიული განათლების დანერგვას და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთათვის პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობას. ასევე, პოპულარიზაცია გაუწიოს დასაქმების თანაბარი უფლების აღიარებას და უზრუნველყოფას, ხელი შეუწყოს სსსმ პირის ტრანზიციის პროცესს ზოგად საგანმანათლებლო სისტემიდან პროფესიული განათლების სისტემის გავლით დასაქმების ბაზრამდე.