მარგველაშვილი სააკაშვილისგან მოქალაქეობის მინიჭებაზე თხოვნას ელოდება
საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ის ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისგან საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად, ოფიციალურ თხოვნას ელოდება.
გიორგი მარგველაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილისგან მიღებული მოთხოვნის შემდეგ გახდება შესაძლებელი მსჯელობა, მიენიჭება თუ არა სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა.
“ვფიქრობ, რომ საქართველოს მოქალაქეობაზე უარი არ უნდა ეთქვა. როცა ის უკრაინის მოქალაქე გახდა, მე ვთქვი, რომ ის პატივისცემით უნდა მოკიდებოდა ქვეყნის პასპორტს, რომლის მოქალაქეებმაც მას ნდობა ორჯერ გამოუცხადეს. რაც შეეხება მომავალს, ეს მან უნდა გადაწყვიტოს, მისი გადასაწყვეტია მოითხოვს თუ არა ის მოქალაქეობას. ამის შემდეგ შეგვიძლია მსჯელობა»,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან საუბარში.
26 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ განკარგულება გამოსცა და ამის მიზეზად ოფიციალურ დოკუმენტებში ყალბი ინფორმაციის მიწოდება დაასახელა.
ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საქართველოში სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეა აღძრული.