პრეზიდენტი: მაიკ პენსის ვიზიტი ნიშნავს იმას, რომ ნატოს ღია კარის პოლიტიკა ძალაშია

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის მიერ საქართველოში გაკეთებული განცხადებებს „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აფასებს.
როგორც მან აღნიშნა, ვიცე-პრეზიდენტის მიერ წარმოთქმული სიტყვა იყო ძალიან მკაფიო და კონკრეტული.
მარგველაშვილის განცხადებით, ნათლად ჩანს, როგორ მიზნობრივად ეკიდება ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებს.
„ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი უაღრესად მნიშვნელოვანია, ისევე როგორც მნიშვნელოვანია ამ ვიზიტის დრო. ვიცით, რომ ახალი ადმინისტრაცია მხოლოდ 6 თვეა, რაც საქმიანობას შეუდგა, ამ დროის განმავლობაში ჩვენ გვაქვს კონგრესის, სენატისა და თეთრი სახლის მყარი მხარდაჭერა.
ჩვენი ურთიერთობები ახალ საფეხურზე გადადის. ჩვენ ვხედავთ, როგორი სიფრთხილით, როგორ მიზნობრივად ეკიდება ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენთან დაკავშირებულ საკითხებს.
ვიცე-პრეზიდენტის მიერ წარმოთქმული სიტყვა იყო მკაფიო, პირდაპირი და არაორაზროვანი. მან ისაუბრა თავისუფლებაზე, ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობაზე და სუვერენიტეტზე. და რაც ყველაზე მთავარია, ისაუბრა ჩვენს ევრო-ატლანტიკურ მიზნებზე.
ვიცე-პრეზიდენტმა პენსმა აღნიშნა, რომ საქართველოს მომავალი იქნება ნატოში და რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს ნატოს 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილებას საქართველოს მომავალი წევრობის შესახებ. და მეორე და ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ჩემი ქვეყნისთვის – ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღდგენა – ვიცე-პრეზიდენტმა ამ ყველაფერზე ძალიან მკაფიოდ ისაუბრა“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, ვიცე-პრეზიდენტს ორმხრივი ურთიერთობის სრულიად ახალ საფეხურზე აყვანა შესთავაზა, რაც გულისხმობს ამ ურთიერთობის ახალ ფორმატს – საქართველოს საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნას. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მაიკ პენსის ვიზიტი ნიშნავს იმას, რომ ნატოს ღია კარის პოლიტიკა ძალაშია.
„ამერიკის კონგრესიდან ჩვენ საქართველოს მხარდამჭერ განცხადებებს ვისმენთ. კონკრეტული საბიუჯეტო მექანიზმებითაა გამყარებული არაღიარების პოლიტიკა ამერიკის კანონმდებლობაშიც. ჩვენ გამუდმებით ვისმენთ საქართველოს ჯარის მისწრაფებების მხარდაჭერას, ვიცე-პრეზიდენტის მიერ წარმოთქმული სიტყვა კი იყო ძალიან მკაფიო და კონკრეტული.
ეს ყველაფერი არ მაძლევს იმის თქმის საფუძველს, თითქოს საქართველოს საკითხს საკმარისი ყურადღება არ ეთმობა ამერიკის ადმინისტრაციისგან. პირიქით, საქართველოს საკითხი კვლავ აქტუალურია.
ჩვენ ვნახეთ, როგორ მიესალმა ვიცე-პრეზიდენტი ჩვენს მისწრაფებებს ნატოსკენ, როგორ უჭერს ის მხარს ჩვენი სამხედროების გაძლიერებას, მიესალმება ჩვენს ჩართულობას გლობალური უსაფრთხოების მისიებში. ვიცე-პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს ნატოს მეხუთე მუხლს. საქართველოს გადასახედიდან ჩვენ ვხედავთ ახალ, ნატოში საქართველოს ინტეგრაციისკენ მოწოდებულ ადმინისტრაციას”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები