“აშშ-ის ვიცე პრეზიდენტისგან საქართველოს მიერ ბოლო 5 წლის განმავლობაში მიღწეული პროგრესის ხაზგასმა უპრეცედენტო საერთაშორისო შეფასებაა”

„აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას, ისევე როგორც საჯაროდ გაჟღერებული გზავნილები, იყო უპრეცედენტო, უმაღლესი შეფასება, რაც კი დღემდე საქართველოს მიუღია“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, თედო ჯაფარიძემ მედიის წარმომადგენლებს მაიკ პენსის ვიზიტის შეფასებისას განუცხადა. პრემიერის მრჩევლის განცხადებით, აღსანიშნავია, რომ ვიცე პრეზიდენტმა განსაკუთრებით ხაზი გაუსვა ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს, მათ შორის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და რეფორმების განხორციელების კუთხით, ასევე გამოთქვა სურვილი, ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ განაგრძოს აქტიური თანამშრომლობა პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილთან, რაც აშშ-ის უდიდეს მხარდაჭერაზე მიუთითებს. „ეს იყო შინაარსობრივად, კონტექსტუალურად სრულიად განსხვავებული ვიზიტი და გულწრფელად ვიტყვი, პირველად მოვისმინე ისეთი მაღალი დონის შეფასებები და გზავნილები, რომლებიც ვიცე პრეზიდენტმა, როგორც შეხვედრებზე, ისე საჯაროდ გააჟღერა. საქართველოში ამ ვიზიტის კონტექსტმაც ნათლად აჩვენა თეთრი სახლის დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნისადმი. ბოლო 5 წლის განმავლობაში მიღწეული წარმატებების განსაკუთრებული ხაზგასმა კი ერთმნიშვნელოვნად მეტყველებს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მთავრობისადმი აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მხარდაჭერაზე“, – განაცხადა თედო ჯაფარიძემ. პრემიერ-მინისტრის მრჩეველი დარწმუნებულია, რომ აშშ საქართველოს მთავრობის რეფორმების კურსის მხარდაჭერას განაგრძობს და აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის წარმატებული ვიზიტი, ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობას სრულიად ახალ ეტაპზე გადაიყვანს. როგორც თედო ჯაფარიძემ აღნიშნა, ვიცე პრეზიდენტის მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს საკითხი აშშ-ის საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგში აქტუალურია ისე, როგორც არასოდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები