„ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულები ფაქტობრივად ერთ-ერთი ფორმაა იმ ბარიკადების, რომლებიც წლების განმავლობაში ივლებოდა“

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი სოფელ არცევთან ხნულის გავლების საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო თხრილები ფაქტობრივად ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის გაგრძელებაა და ერთ-ერთი ფორმა იმ ბარიკადების, რომლებიც წლების განმავლობაში ივლებოდა. მისი განცხადებით, ეს მოქმედება, რომელიც ხორციელდება არსებული რეჟიმის მიერ ოკუპაციის პირობებში, არ ემსახურება ადამიანის ინტერესებს.

როგორც ციხელაშვილმა აღნიშნა, ამის თაობაზე გააქტიურებულია ცხელი ხაზი და კომუნიკაციაში იმყოფება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან, ისევე, როგორც შესაბამისი უწყებები ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან.

„სოფელ არცევთან დაკავშირებით გააქტიურებულია ცხელი ხაზი, მაქვს კომუნიკაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან და შესაბამის უწყებებთან, ასევე ჟენევის თანათავმჯდომარეებთან. ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულები ფაქტობრივად არის ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის გაგრძელება და ერთ-ერთი ფორმა იმ ბარიკადების, რომლებიც წლების განმავლობაში ივლებოდა. ეს ინფორმაცია უკავშირდება სოფელ არცევის სიახლოვეს. გუშინ, იმ დროს, როდესაც არცევისა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობა პირიქით ითხოვდა, რომ მიეცეთ შესაძლებობა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიასთან გადაადგილების. უმჯობესი იქნება, გადაიდგას მოსახლეობის ინტერესების შემხვედრი ნაბიჯები და არა ამის საპირისპირო. ეს მოქმედება, რომელიც ხორციელდება არსებული რეჟიმის მიერ ოკუპაციის პირობებში, არ ემსახურება ადამიანის ინტერესებს“, – განაცხადა ციხელაშვილმა.

ხვალიდან ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება სოფელ არცევთან ხნულის გავლებას აპირებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები