თამარ ხულორდავა: საქართველო ამერიკის საიმედო და სანდო მოკავშირეა

“პენსის ვიზიტი არის ჩვენი უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორის და მოკავშირის მკაფიო პოზიციის დემონსტრირება. საქართველო ამერიკის საიმედო და სანდო მოკავშირეა და საქართველო არ არის მარტო რუსეთის აგრესიის პირისპირ”, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, საქართველომ დიდი გზა განვლო აშშ-თან მჭიდრო თანამშრომლობიდან მოკავშირეობამდე. მისივე თქმით, შედეგი სახეზეა, რასაც აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის საქართველოში ვიზიტიც ადასტურებს.

“ჩვენ დიდი გზა გავიარეთ აშშ-სთან მჭიდრო თანამშრომლობიდან მოკავშირეობამდე. ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტია აშშ-სთან თანამშრომლობის ამ უპრეცედენტოდ მაღალი ხარისხის შენარჩუნება და კიდევ უფრო გაღრმავება. ამას ემსახურება ჩვენი ყველა ნაბიჯი. ვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, შეიძლება ითქვას, ამისთვის ჩვენ თვითონ ვქმნით ახალ შესაძლებლობებს.
ჩვენი მუშაობის შედეგიც სახეზეა. საკმარისია მაგალითად მოვიყვანოთ აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის გუშინდელი ვიზიტი საქართველოში; საკმარისია გავიხსენოთ ის შეფასებები, რაც მისგან მოვისმინეთ საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობისადმი ამერიკის მხარდაჭერის სახით. საკმარისია გავიხსენოთ მისი მტკიცე მხარდაჭერა ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. საკმარისია გავიხსენოთ მისი უმაღლესი შეფასება თუნდაც ჩვენი ორმხრივი ურთიერთობის მზარდ დინამიკასთან დაკავშირებით ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. პენსის ვიზიტი არის ჩვენი უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორის და მოკავშირის მკაფიო პოზიციის დემონსტრირება. საქართველო ამერიკის შეერთებული შტატებისთვის საიმედო და სანდო მოკავშირეა და საქართველო არ არის მარტო რუსეთის აგრესიის პირისპირ”, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები