მიხეილ სააკაშვილი: რომელ საქართველოზე მელაპარაკებით? მე უკრაინელი პოლიტიკოსი ვარ

უკრაინულმა ტელევიზიამ “112”-მა საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან სატელეფონო ინტერვიუ ჩაწერა. მთავარი სალაპარაკო თემა პოროშენკოს მიერ მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა იყო.
როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ის საქართველოში პოლიტიკურ საქმიანობას არ ეწევა, ამჟამად უკრაინული პარტიის ლიდერია და უკრაინიდან ოლიგარქი მმართველების რეჟიმის დასრულება სურს. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, პოროშენკო მოქალაქეობის ჩამორთმევის გამო კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და იმ დოკუმენტების ჩვენება მოითხოვა, რომლის საფუძველზეც მან მოქალაქეობა დაკარგა. მისივე თქმით, ამ დოკუმენტებზე მისი ხელმოწერა გაყალბებულია.
“უკრაინელი პოლიტიკოსი ვარ და ასობით ათასი მხარდამჭერი მყავს უკრაინის ყველა რეგიონში. რომელ საქართველოზე მელაპარაკებით? მე უკრაინელი პოლიტიკოსი ვარ. დაიმახსოვრეთ ყველამ. საქართველო არაფერ შუაშია. საქართველოშია რუსი ოლიგარქი ივანიშვილი. მე საქართველოში პრეზიდენტობის ორი წარმატებული ვადა გავატარე, დღეს კი უკრაინიდან ოლიგარქების რეჟიმთან ვიბრძვი”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ამასთან, სააკაშვილმა დასძინა, რომ პოროშენკომ თავის ქმედებებით თვითონვე დააჩქარა საკუთარი მმართველობის დასასრულის მოახლოება.
შეგახსენებთ, რომ 26 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ განკარგულება გამოსცა და ამის მიზეზად ოფიციალურ დოკუმენტებში ყალბი ინფორმაციის მიწოდება დასახელდა.
მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა 2015 წლის 29 მაისს, უკრაინის პრეზიდენტის ბრძანების შემდეგ მიიღო, რის გამოც რამდენიმე თვეში დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა.
უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს ადმინისტრაციამ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის მიზეზებზე განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია პერსონალურ მონაცემებს შეიცავს და ვერ გაასაჯაროებენ.
მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები