მარგველაშვილი ტრამპს ინიციატივით მიმართავს დანიშნოს სპეციალური წარმომადგენელი საქართველოს საკითხებში

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ინიციატივით მიმართა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა საქართველოს საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი დანიშნოს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, აშშ-ს ვიცე პრეზიდენტი მაიკ პენსი დაინტერესდა საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, რომელიც აშშ-ს პრეზიდენტის მიერ საქართველოს საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნას ითვალისწინებს.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოს საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა ხელს შეუწყობს საქართველოსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობისა და კონკრეტული ინიციატივების უფრო სწრაფ და ეფექტიან იმპლემენტაციას.
“შედგა საუბარი საქართველოს პრეზიდენტსა და ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს შორის, სადაც განხილული იქნა ქვეყნებს შორის ურთიერთობის ყველა აქტუალური საკითხი.
საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს იმ ნათელი მხარდამჭერი გზავნილებისთვის, რომლებიც გაჟღერდა ამ ვიზიტის განმავლობაში.
ხაზგასმით აღინიშნა, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ამ გზავნილების ეფექტიან იმპლემენტაციას და საქართველო-ამერიკის ურთიერთობების განვითარების და კიდევ უფრო გაღრმავების მიზნით.
პოლიტიკური კონსულტაციების არსებული ფორმატების კიდევ უფრო გაძლიერებისათვის საქართველოს პრეზიდენტმა მაიკ პენსს შესთავაზა იდეა, რომ ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განიხილოს საქართველოს საკითხებში ამერიკის სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ.
კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა იმ კონტრიბუციას, რასაც საქართველო იღებს საერთაშორისო უსაფრთხოებაში და კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ საქართველოსა და აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობა სიკეთისა და სტაბილურობის მომტანია”,- აღნიშნა პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა თენგიზ ფხალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები