“ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობიანი გზით დეოკუპაცია და უსაფრთხო უზრუნველყოფა ჩვენი საერთო ამოცანაა“

ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობიანი გზით დეოკუპაცია და ქვეყანაში დემოკრატიული განვითარების სტაბილური და უსაფრთხო უზრუნველყოფა აშშ-სა და საქართველოს საერთო ამოცანაა, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ სწავლებაში „ღირსეული პარტნიორი 2017“ მონაწილე ქართველი და ამერიკელი სამხედროების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ლევან იზორიას განცხადებით, წვრთნების სახელწოდება ”ღირსეული პარტნიორი” ხაზს უსვამს ამერიკასა და საქართველოს შორის არა მხოლოდ სამხედრო სფეროში, არამედ გლობალურ კონტექსტში ჩამოყალიბებულ ღირსეულ პარტნიორობას.
„ჩვენ, ჩვენი ღირსების დაცვის ისტორიულმა ტრადიციებმა, თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის მისწრაფებამ, საერთო კულტურულმა ფესვებმა დაგვაკავშირა, ეს ფესვები გვაერთიანებს და საერთო პასუხისმგებლობას გვაკისრებს თავისუფალ საზოგადოებათა და სამყაროს ჩრდილოატლანტიკური სივრცის განმტკიცების საქმეში. ჩვენი ერის დემოკრატიული განვითარების გზა რეგიონში ამ სივრცის გაფართოების და განმტკიცების საუკეთესო მაგალითია.
ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობიანი გზით დეოკუპაცია, ქვეყანაში დემოკრატიული განვითარების სტაბილური და უსაფრთხო უზრუნველყოფა ჩვენი საერთო ამოცანაა. სწორედ ამ ამოცანის განხორციელების ხელშეწყობაა მრავალეროვნული წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“, რომელიც 2015 წელს აშშ-მა და საქართველომ დავიწყეთ“, -განაცხადა იზორიამ.
მისივე თქმით, აღნიშნული წვრთნები აშშ-სა და საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის ისტორიაში წელს ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი, კომპლექსური და დინამიურია.
„ღირსეულ პარტნიორში“ მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებისა და ტექნიკის რიცხვი მნიშვნელოვნადაა გაზრდილი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-სა და ნატო-ს წევრი პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერას საქართველოსა და ზოგადად რეგიონალური სტაბილურობისადმი.წვრთნები ემსახურება მონაწილე ქვეყნების შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობისა და ურთიერთთავსებადობის გაუმჯობესებას“, – განაცხადა ლევან იზორიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები