გიორგი მარგველაშვილი: საუკუნის მეოთხედია ადამიანებს მხოლოდ ქართველობისთვის სდევნიან

“ადამიანებს სდევნიან მხოლოდ ქართველობისთვის, ეს მიმდინარეობს უკვე საუკუნის მეოთხედია და საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევა არ აღმოჩნდა საკმარისი რუსეთის შესაჩერებლად“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვაზიანის სამხედრო ბაზაზე “ღირსეული პარტნიორი 2017”-ის მონაწილეებს სიტყვით მიმართვისას განაცხადა.
ვაზიანის სამეხდრო ბაზაზე აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი მაიკ პენსი და საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია იმყოფებიან.
გიორგი მარგველაშვილმა “ღირსეული პარტნიორი 2017”-ის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და მაიკ პენსის ვიზიტის მნიშვნელობაზე ილაპარაკა.
“დღეს რამდენიმე ათეული კილომეტრის დაშორებით, აღმართულია მავთულხლართები, რომლებიც ხელს უშლიან ჩემს თანამემამულეებს მოძრაობაში. ადამიანებს დევნიან მხოლოდ ქართველობისთვის, ეს მიმდინარეობს უკვე საუკუნის მეოთხედია. და საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევა არ აღმოჩნდა საკმარისი რუსეთის შესაჩერებლად, რომელიც ისე მოიქცა როგორც საკუთარ მამულში. საქართველო დამაკავშირებელია აღმოსავლეთ და დასავლეთს შორის. ეს ჩვენი ძველი ფუნქციაა. ეს ქვეყანა იძლევა დამატებით შესაძლებლობებს, რათა კიდევ უფრო გამყარდეს ურთიერთობები.
თქვენი ვიზიტი ჩვენი პარტნიორობის გაღრმავებისთვის ძლიერი სიგნალი გახლავთ. მადლობა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ვიზიტი შემდგომში კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობას. ძალა ერთობაში. ეს საქართველოს დევიზია. ღმერთმა დალოცოს ჩვენი მამაცი ჯარისკაცები. ღმერთმა დალოცოს ჩვენი ერები”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.
მრავალეროვნული სწავლება “ღირსეული პარტნიორი 2017” ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე 30 ივლისს დაიწყო და 12 აგვისტოს დასრულდება.
წვრთნაში ნატო-ს წევრი და პარტნიორი 8 ქვეყნის – საქართველო, აშშ, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, თურქეთი, სლოვენია, სომხეთი, უკრაინა – 2 800-ზე მეტი სამხედრო მონაწილეობს, გზავნილით – “ძალა პარტნიორობაშია”.
საქართველო მრავალეროვნულ სწავლება “ღირსეული პარტნიორი 2017”-ს უკვე მესამედ მასპინძლობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები