დენიელ კოჩისი: აშშ-მ მკაცრად უნდა დაგმოს რუსეთის ქმედებები

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა უნდა განაცხადოს, რომ ამერიკა მის ძალისხმევას მხარს უჭერს და საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში დაეხმარება, – ამის შესახებ ჰერითიჯის ფონდის მარგარეტ ტეტჩერის თავისუფლების ცენტრის ევროპის პოლიტიკის სპეციალისტმა დენიელ კოჩისმა „ამერიკის ხმის“ ქართული სამსახურისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
კოჩისის თქმით, საქართველო აშშ-ის ძლიერი მოკავშირეა, რომელიც გულმოდგინედ აგრძელებს სვლას ნატოსა და ევროკავშირისკენ.
„აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა უნდა განაცხადოს, რომ ამერიკა მის ძალისხმევას მხარს უჭერს და საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში დაეხმარება. თავის მხრივ, საქართველომ ინტეგრაციისკენ სვლა უნდა გააგრძელოს. ვფიქრობ, ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს მოუწოდებს, რომ მან ნატო-ში გაწევრიანებისათვის ძალისხმევა არ დაიშუროს. ასევე, ვიცე-პრეზიდენტმა რეგიონში რუსეთის ქმედებებს თავის სახელი უნდა დაარქვას და თქვას, რომ ესაა უცხო ქვეყნის ოკუპაცია. ვისურვებდი, რომ დაიწყოს საუბარი, უკრაინის მსგავსად, საქართველოსთვის თავდაცვითი იარაღის მიწოდებაზე, რადგან საქართველო რუსეთის უკანონო ოკუპაციის პირობებში ცხოვრობს. ვფიქრობ, მოსკოვში უნდა გაიგონ, რომ აშშ ბალკანელ, ბალტიისპირელ და ქართველ მეგობრებთან აქტიურად ურთიერთობს“, – განაცხადა კოჩისმა.
კოჩისი თვლის, რომ 2008 წელს აშშ-მა რუსეთის მიმართ საკმარისი სიმკაცრე ვერ გამოიჩინა.
„იმ მოვლენებიდან ბევრი არც არაფერი ვისწავლეთ. რუსეთმა კი რამდენიმე წელიწადში ანალოგიური რამ გაიმეორა ყირიმსა და აღმოსავლეთ უკრაინაში. აშშ-მა მკაცრად უნდა დაგმოს რუსეთის ქმედებები, შეეწინააღმდეგოს რუსეთის აგრესიას და ეცადოს, თავიდან აიცილოს მისი მომავალი თავდასხმები. კონგრესის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიღებული სანქციები ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია. კონგრესის ბოლო სანქციები რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი ქმედებებით იყო შთაგონებული, თუმცა ნათელია, რომ ყველაფერი საქართველოზე თავდასხმით დაიწყო. შეერთებულმა შტატებმა უნდა გააგრძელოს რუსეთის ძირგამომთხრელი ნაბიჯების, მათ შორის, პროპაგანდის დაგმობა და დაეხმაროს ჟურნალისტებს ყალბი ცნობების გამოაშკარავებაში“, – განაცხადა დანიელ კოჩისმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები