ჯაბა სამუშია: ტექნიკური პერსონალის გადანიშვნა კანონის შესაბამისად, ვალდებულებაა და თბილისის მერიაში მოხდა ვალდებულების შეცვლა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ჯაბა სამუშია გუშინ, ეთერში გასულ იმ სიუჟეტს გამოეხმაურა, სადაც თბილისის მერიაში ერთ დღეში 600-ზე მეტი ადამიანის დასაქმებაზე იყო საუბარი. როგორც სამუშიამ აღნიშნა, ეს ინფორმაცია მთლიანად ტყუილზეა აგებული და დაკვეთითაა შესრულებული. მისივე თქმით 1 ივლისიდან „საჯარო სამსახურის შესახებ კანონში“ შევიდა ცვლილება, რომელიც ითვალისწინებს, რომ მხოლოდ და მხოლოდ პროფესიულ საჯარო მოხელეს შეუძლია იყოს შტატში.
როგორც სამუშიამ აღნიშნა, ტექნიკური პერსონალის გადანიშვნა კანონის შესაბამისად, ვალდებულებაა და თბილისის მერიაში მოხდა ვალდებულების შეცვლა.
„საუბრობენ აქტივისტებზე, სიუჟეტის მიზანიც სწორედ ეს იყო, რომ საზოგადოება თავიდანვე შეეყვანათ შეცდომაში. ეს ინფორმაცია მთლიანად ტყუილზეა აგებული და დაკვეთითაა შესრულებული. ელემენტარულად, „საჯარო სამსახურის შესახებ კანონი“ ვინმეს რომ გადაეკითხა, მსგავსი სიუჟეტი არ გაკეთდებოდა. მანამდე, აღნიშნული კანონი ითვალისწინებდა დამხმარე მოსამსახურის ყოლას, სადაც ტექნიკური პერსონალი შედიოდა, როგორიც იყო მაგალითად, მესაათე. მაგრამ, როდესაც პირველი ივლისიდან კანონი შეიცვალა, უკვე კანონში მოხდა ჩანაწერი, რომ მხოლოდ და მხოლოდ პროფესიულ საჯარო მოხელეს შეუძლია იყოს შტატში, დანარჩენი ტექნიკური პერსონალი კი შტატგარეშე თანამშრომელი იქნებოდა. არ შეიძლება ისინი პროფესიული საჯარო მოხელის შტატზე იყვნენ აყვანილი. ამიტომ, ტექნიკური პერსონალის გადანიშვნა მოხდა, მთელი მერიის სისტემაში გადაყვანა ხელშეკრულების ვარიანტში. მათი უმეტესი ნაწილი დიდი ხანია, რაც მერიაში მუშაობს, მათ შორის წინა მთავრობის პერიოდშიც“,-განაცხადა ჯაბა სამუშიამ.
მისივე თქმით, მთავარი რაც საზოგადოებამ უნდა იცოდეს, არის ის, რომ მერიაში არცერთი ადამიანით მეტი არ ყოფილა აყვანილი და დასაქმებული. როგორც სამუშიამ აღნიშნა, ვინაიდან წინა საარჩევნო პერიოდია და მალე უნდა გამოცხადებულიყო შტატებზე კონკურსი, ამიტომაც გადაწყდა, რომ ადამიანები, რომლებიც აქამდეც მუშაობდნენ მერიაში, ხელშეკრულებით ყოფილიყვნენ აყვანილი აღნიშნულ შტატზე.
„საჯარო სამსახურის შესახებ კანონი“ ითვალისწინებს, რომ პროფესიული საჯარო მოხელე შტატზე უნდა იყოს აყვანილი. ადამიანი, რომელსაც გამოცდა აქვს ჩაბარებული, აქედან გამომდინარე, მერიაში იყო რამდენიმე ათეული ადამიანი, ვისაც გამოცდა არ ჰქონდა ჩაბარებული, თუმცაღა შტატი არსებობს და ის უნდა იყოს აყვანილი, ისინი მუშაობდნენ დროებით მოვალეობის შემსრულებლის პოზიციაზე, ამიტომ, ვინაიდან წინა საარჩევნო პერიოდია და მალე უნდა გამოცხადებულიყო ამ შტატებზე კონკურსი, გადაწყდა, რომ ეს ადამიანებიც ხელშეკრულებით ყოფილიყვნენ აყვანილი. მაგრამ, მთავარი, რაც საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ის არის, რომ არცერთი ადამიანით მეტი მერიაში არ ყოფილა აყვანილი და დასაქმებული. მეორე, ყველა ის ადამიანი, რომლებიც მოცემულია იმ სიაში, რომელსაც ასე აფრიალებდნენ აღნიშნულ სიუჟეტში, შესაბამის საქმიანობას ახორციელებდნენ. ასე რომ, მე მსგავსი ტყუილი და ნაცრის შეყრა არ მინახავს. “ნაციონალებს” ეგონათ, ის აღმოაჩინეს, რასაც თავად აკეთებდნენ, ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში. როგორ ფიქრობთ, ტექნიკური პერსონალი პარტიული აქტივია ? ტექნიკურ პერსონალს, რომ გადანიშნავ, კანონის შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ ესაა ვალდებულება და თბილისის მერიაში მოხდა ვალდებულების შეცვლა“,-განაცხადა საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ჯაბა სამუშიამ.
შეგახსენებთ: გუშინ მედიაში გავრცელდა სიუჟეტი, სადაც საუბარი იყო, რომ მერიაში ერთ დღეში 600-ზე მეტი ადამიანი დასაქმდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები