დავით ნარმანია თბილისის მეტროს კვლევის შედეგების პრეზენტაციას დაესწრო
თბილისის მერი დავით ნარმანია სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“
აზიის განვითარების ბანკის (ADB) ორგანიზებით ჩატარებული თბილისის მეტროს კვლევის შედეგების პრეზენტაციას დაესწრო. ფრანგული კომპანია „სისტრას“ მიერ მომზადებული კვლევა თბილისის მეტროს ტექნიკურ-ეკონომიკურ შეფასებას და მისი განვითარებისთვის მნიშვნელოვან რეკომენდაციებს მოიცავს. თბილისის მერიის პრესსამსახურის ი9ნფორმაციით, კვლევაში თბილისის მეტროპოლიტენის მოდერნიზაციის, ინფრასტრუქტურის განახლების, მგზავრების უსაფრთხოებისა და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვის შესაძლებლობებია შესწავლილი. პრეზენტაციას ასევე თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, თბილისის სატრანსპორტო კომპანიისა და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„აზიის განვითარების ბანკი გვეხმარება ძალიან მნიშვნელოვანი საკონსულტაციო მომსახურებით, რომელიც თბილისის მეტროს ტექნიკურ-ეკონომიკურ შეფასებას გულისხმობს. ბოლო პერიოდში ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ მეტროს ვაგონების მოდერნიზაციასა და, საერთოდ, მეტროსადგურების განახლებაზე. ამდენად, აღნიშნული კვლევა იქნება ძალიან სასარგებლო ინსტრუმენტი, რომლიც მეტროს შემდგომი სწორი განვითარების დაგეგმვაში მნიშვნელოვან სამსახურს გაგვიწევს,“-განაცხადა დავით ნარმანიამ. საქართველოში აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლობის დირექტორის, იეშიმ ელჰან- კაიალარის განცხადებით, აზიის განვითარების ბანკს თბილისის მერიასთან ძლიერი და მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მათი ხელშეწყობით ჩატარებული კვლევა ხელშესახებ პროექტად გადაიქცეს, რომელიც თბილისის მოსახლეობისთვის უკეთესი სატრანსპორტო მომსახურების შეთავაზების შესაძლებლობას შექმნის.
თბილისის მეტროპოლიტენი, ყოველდღიურად, საშუალოდ 289 ათას მგზავრს ემსახურება. მეტროპოლიტენი თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემაში, გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობით, სამარშრუტო ტაქსებისა და მუნიციპალური ავტობუსების შემდეგ მესამე ადგილზეა.