NDI: ადამიანთა უმრავლესობა, ვისაც სმენია საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ, აცხადებს, რომ აღნიშნულ ცვლილებებზე საკმარისი ინფორმაცია არ აქვს
NDI-ის კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 32%-ს სმენია საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ, ხოლო იმ ადამიანთა უმრავლესობა (59%), ვისაც სმენია ამის შესახებ, აცხადებს, რომ არ აქვს საკმარისი ინფორმაცია აღნიშნულ ცვლილებებზე.
გამოკითხვის თანახმად, მოქალაქეთა მხოლოდ 2% დაესწრო საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვებს. ამას გარდა, იმ მოქალაქეებიდან, ვისაც სმენია ამ პროცესის შესახებ, მხოლოდ 6% ამბობს, რომ ცვლილებები სრულად ასახავს მოსახლეობის შეხედულებებს; გამოკითხულთა 47%-ის აზრით ნაწილობრივ ასახავს, 32%-ის თქმით კი – საერთოდ არ ასახავს.
კვლევის საველე სამუშაოები 18 ივნისი – 9 ივლისის პერიოდში 2,261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) ჩატარდა. კვლევის ცდომილება +/- 2,2 %-ია.